ევროკავშირის კომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირმა საფრანგეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მხარი დაუჭირა.
“დღეს ევროკავშირმა, წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, ერთხმად გამოუცხადა საფრანგეთს სრული მხარდაჭერა და საჭირო სამხედრო დახმარების გაწევის მზადყოფნა”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, პარიზის ოფიციალური მიმართვის შემდეგ მიიღეს.
შეგახსენებთ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებას, რომელმაც ევროკავშირს მიმართა:
“ოფიციალური პარიზი ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 სტატიის ამოქმედებას მოითხოვდა, რომლის თანახმადაც, “თუ წევრი სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, გაეროს წესდების 51-ე სტატიის შესაბამისად, დახმარება და მხარდაჭერა ყველა შესაძლო საშუალებით გაუწიონ“ – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.