ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

“უსაფრთხოების სისტემა საქართველოში არც ისე გამართულად მუშაობს”

ექსკლუზიური ინტერვიუ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილე, ბათუ ქუთელიასთან

პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, მსოფლიოს წინაშე  ტერორიზმის პრობლემა  მთელი სიმწვავით დადგა. ამას თან ერთვის ხშირი ვიდეომიმართვები ტერორისტების მხრიდან, რომლებიც მუდმივად ემუქრებიან სხვადასხვა   სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს. საქართველოშიც გააქტიურდა 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევაზე, ტერორიზმზე საუბარი.

საქართველოს ხელისუფების განცხადებით, საფრანგეთის ტერაქტების შემდეგ  ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დღეს უფრო დაცულები ვართ. დღეს, დააკავეს აზერბაჯანის მოქალაქე, რომელიც, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა, საქართველოს გავლით სირიაში მიდიოდა საბრძოლველად. მანამდე,  იზორიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო მოითხოვს სასამართლოსგან გააუქმოს ისლამური პროპაგანდისტული საიტები.

საქართველოს უსაფრხოების სამსახურის გამოწვევებზე, მსოფლიო ტერორიზმის საფრთხეზე, „მეტრონომთან“  უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ ისაუბრა.

„მეტრონომი“:  არსებობს თუ არა საქართველოში ტერორიზმის საფრთხე? თქვენი აზრით, რამდენად შესწევთ ძალა  საქართველოს უშიშროებას შეებრძოლოს ამ გამოწვევას?

ბათუ ქუთელია: „ტერორიზმის საფრთხე ემუქრება მთელ ცივილიზებულ სამყაროს, რადგან ტერორისტებმა ბრძოლა გამოუცხადეს იმ ფასეულობებს, რომელთაც ჩვენ ვაღიარებთ. თუმცა, ჩემი აზრით, დღეს საქართველო ტერორისტების მხრიდან პირდაპირი სამიზნე არ არის, მაგრამ რომც იყოს, ჩვენ საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს. ჩვენი სპეცსამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტნიორ ქვეყნებთან. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ საშუალება პრევენცია მოახდინონ ასეთი ტერორისტული საფრთხეების. თუმცა იმისათვის, რომ სპეცსამსახურებმა კარგად იმუშაონ, საჭიროა კარგად კოორდინირებული სამთავრობო პოლიტიკა, უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ყველა შესაბამისი უწყება იქნება ჩართული იმისთვის, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს არ მიეცეთ  ნოყიერი ნიადაგი ადამიანების გადასაბირებლად საქართველოს ტეროტორიაზე. ამ მხრივ, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ბევრი აქვს გასაკეთებელი, რადგანაც თვითონ უსაფრთხოების სისტემა საქართველოში არც ისე გამართულად მუშაობს და არის სერიოზული კოორდინაციის პრობლემა საგანგებო სიტუაციების დროს“.

–  იზორიას განცხადებით სარჩელი შევა სასამართლოში, რომ აიკრძალოს  ის პროპაგანდისტული ვებ-გვერდები, რომლებიც სირიაში წასვლას მოუწოდებენ საქართელოს მოქალაქეებს. დღეს ასევე დააკავეს  აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც საქართველოს გავლით გეგმავდა სირიაში წასვლას. თქვენი აზრით, ეს ქმედებები მიუთითებს თუ არა იმაზე რომ ქართული სპეცსამსახურები გააქტიურდნენ?

– ქართული სპეცსამსახურები ბოლო ათეული წელია საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ. ტერორიზმი არის საფრთხე, რომელსაც ერთი ქვეყანა თავისი ძალით ვერ გაუმკლავდება და ვერც მარტო საზღვრის კონტროლის გამკაცრებით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. აქ მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი ოპერაციების ჩატარება. რამდენიმე შემთხვევა, ქეისი იყო, რომელიც ძალიან ეფექტურად ჩაატარეს ქართულმა სპეცსამსახურებმა.

– ეს ოპერაციები ტერორიზმს ეხებოდა?

–  დიახ, ტერორიზმს და ტერორიზმთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს. ზოგიერთი ეს ინფორმაცია საჯაროდ ცნობილია, ზოგიერთი- არა.

– საჯაროდ ცნობილ შემთხვევაზე უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ…

–  საჯაროდ ცნობილი იყო მაგალითად, არდებილის ქეისი, როდესაც ირანის მოქალაქე ცდილობდა შეეძინა საქართველოს ტერიტორიაზე სენსიტიური ტექნოლოგიები და ამერიკის ფედერალურ  გამოძიების ბიუროსთან ერთად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ეს ადამიანი დააკავეს და შემდეგ ის გადაეცა აშშ-ს“.

–  სირიაში საქართველოდან მებრძოლები კვლავ მიდიან. თქვენი აზრით, რა არის ამ ადამიანების წასვლის მიზეზი და რამდენად სწორი პოლიტიკა  აქვს არჩეული საქართველოს ხელისუფლებას?

– ტერორიზმთან ბრძოლა, როგორც აღვნიშნე დასაწყისში, არ არის მარტო სპეცსამსახურების ფუნქცია. ტერორისტული ორგანიზაციები ცდილობენ მიზანში ამოიღონ ის მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებში, რომელთაც სხვადასხვა ტიპის პრობლემები  სოციალურ-ეკონომიკური აქვთ და ამ პრობლემების გამოყენებით მოახდინონ რეკრუტირება ტერორისტულ ორგანიზაციაში. სწორედ ამიტომ, სხვა სამსახურების მოვალეობა არის ზუსტად  იცოდნენ სოციალური კონტენტი რაც ქვეყანაშია და გამოავლინონ მოწყვლადი ჯგუფები, ჰქონდეთ მათზე შესაბამისი ინფორმაცია და მოახდინონ მაქსიმალურად განეიტრალება იმ პრობლემების,  რის საფუძველზეც შეიძლება ისინი პოტენციურად აღმოჩნდნენ  სამიზნე ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან. სწორედ ამას სჭირდება კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა.

–  წინა ხელისუფლების დროს, რომლის წარმომადგენელი თქვენც იყავით. საქართველო მონაწილეობას იღებდა  საერთაშორისო მისიებში.  ერთ-ერთი სირიაში მებრძოლის, პაიჭაძის მიმართვაში (სადაც ის ემუქრება საქართველოს)  მთავარ არგუმენტად სწორედ ქვეყნის ამ მისიებში ბრძოლას ასახელებს. როგორ ფიქრობთ,  ეს არ  შეიცავს საფრთხეს  საქართველოს უსაფრთხოებისთვის?

– ჩემი აზრით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა თუ საქართველო არ იქნება აქტიური პარტნიორი საერთაშორისო ტერორიზმთან  და სხვა ტიპის გამოწვევევებთან ბრძოლაში. ასეთი ტიპის ოპერაციები პირდაპირ და ირიბად, საქართველოს უსაფრთხოებასაც აუმჯობესებს. იმ ადგილას ბრძოლა, სადაც საწყისს იღებს ტერორიზმი  არის მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ის /ტეროროსტები/ არ მოვიდეს ჩვენ ტერიტორიაზე და ჩვენ საზღვრებზე. კიდევ უფრო აქტიურად არის საჭირო მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, რადგან ჩვენ გეოგრაფიულად გაცილებით უფრო ახლოს ვართ ისეთ რეგიონებთან, სადაც ტერორიზმი სათავეს იღებს და ჩვენ უნდა ვიყოთ ანტიტერორისტული მისიების აქტიური წევრი.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....