ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ უნდა მოვუაროთ სახეს პირბადის ტარების დროს – დერმატოლოგის რჩევები

დერმატოლოგი ზაზა თელია აცხადებს, რომ პირბადის ტარების დროს შეიძლება განვითარდეს ალერგიული დერმატიტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირბადე არ უნდა ვატაროთ. საჭიროა სხვადასხვა წესების დაცვა. მისი თქმით, სახის სწორი მოვლა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომ ადამიანმა, რომელსაც აკნე აწუხებს, მისი გამწვავებისგან თავი დაიცვას. მან ასევე სახის მოვლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანმა დღის განმავლობაში სახე მინიმუმ ორჯერ უნდა დაიბანოს.

„პირბადის შიგნით მაკიაჟის ტარება კლინიცისტებისა და ექიმების მხრიდან რეკომენდებული არ არის, რადგან შესაძლებელია ამან უფრო გაამწვავოს ის სურათი, რაც რეალურად შეიძლება მივიღოთ. თუ ადამიანს შეუძლია, რომ პირბადის ქვეშ მაკიაჟი არ ატაროს – ეს უკეთესია. უმჯობესია, თუ პირბადის შიდა ფენა იქნება ბამბის და არ უნდა გავიკეთოთ ისეთი პირბადე, რომელიც შედგება ნეილონისგან. ბამბა უფრო მეტად დაიცავს კანს გაღიზიანებისგან.

საზოგადოებაში სამწუხარო მითი არსებობს, რომ ყოველდღიურად სახის დაბანა არ არის კარგი, ეს მითი რაზეა დაფუძნებული, არ ვიცი. სახის დაბანა დღეში ორჯერ არის რეკომენდებული. პანდემიის პირობებში სახის დაბანა უფრო ხშირდება, შესაბამისად, პირბადის ყოველი მოხსნის შემდეგ სახე უნდა დავიბანოთ. დასაბანი საშუალება უნდა იყოს მსუბუქი და გამშრალების შემდეგ სახე აუცილებლად უნდა დავიტენიანოთ“ – განაცხადა დერმატო-ვენეროლოგმა.

ცნობისათვის, სამედიცინო პირბადის ტარება საქართველოში სავალდებულოა, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში.

იტვირთბა....