ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისვამენ ხაზს.

როოგრც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.

„აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როცა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია, რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.

პოლიტიკური გარღვევისთვის ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას გულისხმობს, როგორიცაა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსება და NATO-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლა. პუტინის რუსეთი თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის ეროზიის გზითაც ებრძვის, სწორედ ამიტომაა,”- ნათქვამია განცადებაში.

განცხადებაში ხაზია გასმული არჩევნებზე და კიდევ ერთხელაა აღნიშნული, რომ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, თავისუფალმა სამყარომ ფხიზლად უნდა მიადევნოს თვალი დემოკრატიული უკუსვლის ამ ნიშნებს საქართველოში.

“განსაკუთრებული შეშფოთების საგანი ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში. არჩევნების გაყალბება, სასამართლოს პოლიტიზაცია და პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დასავლური ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა და სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პორტის ანაკლიის მშენებლობაზე უარის თქმა – ეს ის ნიშნებია, რაც სწორედ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია რომ რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე სახელმწიფო მდივანმა პომპეომ 2019 წლის ივნისში ისაუბრა. ივანიშვილის მხრიდან ეს იმ გზის განმეორებაა, რაც იანუკოვიჩმა უკრაინაში მოახდინა. თავისუფალმა სამყარომ ფხიზლად უნდა მიადევნოს თვალი დემოკრატიული უკუსვლის ამ ნიშნებს საქართველოში. ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, დემოკრატიასთან ერთად საკვანძო მნიშვნელობისაა ეკონომიკური თავისუფლების მოპოვება. ეს რეჟიმები აკრძალული მეთოდებით იბრძვიან თავისუფალი ბაზრის წინააღმდეგ. საჭიროა დასავლეთის მოკავშირეებს ჰქონდეთ ლეგიტიმური უპირატესობა, რაც თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულებასა და მეტ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს, მათ შორის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.

საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიზაციის ახალ ეტაპზე გადასვლა, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების მიტაცება და დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევა. ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, მივაღწიოთ გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას თავისუფალ სამყაროსთან ერთად და მოვახერხოთ თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა,”- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ევროპული საქართველო“, „ სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, „მოძრაობა ლელო საქართველოსთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქე“, თავისუფალი დემოკრატები,“ „ახალი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „ევროპული დემოკრატები“,“ ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“, „ემსახურე საქართველოს სამართლიანობისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის,“ „თავისუფლება”, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „გამარჯვებული საქართველო“ და „ თავისუფალი საქართველო“ და “ტრიბუნა”,”- ნათქვამია განცახდებაში.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვიზიტით საქართველოში იმყოფება. პომპეომ უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.  ასევე, სახელმწიფო მდივანი შეხვდა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან, მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

იტვირთბა....