ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

“რუსეთმა ისევ არ შეგვჭამოს! არ უნდა მოხდეს ისე, როგორც 2008-ში”: ექსპერტები საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების განთავსებაზე საუბრობენ

ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ, რაც ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშველოვანი ფაქტი იქნება. დღეს, იმის ფონზე, როდესაც კავკასიაში გეოპოლიტიკური სურათი რადიკალურად იცვლება და ფაქტობრივად, ძალთა გადანაწილება ხდება, თბილისისთვის ვაშინგტონის ღია მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებობს მოსაზრება, რომ ეს მხარდაჭერა გამოიხატოს საქართველოში სამხედრო ბაზის განთავსებით, ან თუნდაც, აშშ-ის გარკვეული სამხედრო კონტიგენტის შემოსვლით.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სტუმრობას სხვადასხვა საკითხს უკავშირებენ, ერთ-ერთი მნიშველოვანი თემა შესაძლოა, ის გეოპოლიტიკური რეალობა იყოს, რაც კავკასიამ, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შედეგად, მიიღო.  სხვადასხვა ქვეყნებში მაიკ პომპეოს  ვიზიტი შესაძლოა სწორედ ამის გამოძახილი იყოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი “მეტრონომთან” ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში შეცვლილი ვითარება მოქმედებს, როგორც მთლიანად კავკასიაზე, ასევე აშშ-ს გეოპოლიტიკურ მნიშვენლობაზე. შესაძლოა მსგავსი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებას გულისხმობს,  საუბარი მიდიოდეს, თუმცა, ეს არა საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ თურქეთშია მოსალოდნელი.

“სამხრეთ კავკასიაში რაიმე კატასტროფული ამერიკისთვის არ ხდება. ის ცვლილებები და მოვლენები, რაც დღეს ვითარდება, ყურადღების ღირსია და ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან დეტალური ანალიზი მიდის ვაშინგტონში. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია რეგიონის კონტროლისთვის, მაგრამ აქ საუბარია ახლო აღმოსავლეთზე და განსაკუთრებულ პოზიციაზე, რომელიც ამჟამად თურქეთს უჭირავს. ასეთი საკითხი შეიძლება დაისვას და გადაწყდეს კიდევაც, თუმცა, პრაქტიკულ ჭრილში ჯერ არაფერი მსმენია. იყო რამდენიმე მოსაზრება, რომ აშშ-ის სამხედრო კონტიგენტი, რომელიც ერაყიდან და სირიიდან გავიდნენ, შესაძლოა მათი განლაგება საქართველოშიც, როგორც ყველაზე სანდო და სტაბილურ პარტნიორთან, მაგრამ ეს მოსაზრება უფრო პუბლიცისტურია. რაიმე კონკრეტული გეგმა, ან წინადადება, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებას წინ უძღვის ხოლმე, არ ყოფილა.

ამ შემთხვევაში ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის; განთავსდეს დროებითი ბაზა, შესაძლოა იყოს ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც სამხედრო კონტიგენტის გადაადგილების პროცესს აწესრიგებს. შესაძლო მუდმივი მოქმედი სამხედრო ბაზაც კი განლაგდეს, რეგიონში მოვლენების გასაკონტროლებლად. ასე რომ, ფორმა იმისა, თუ რა სახით შეიძლება ეს ჩანაფიქრი განხორციელდეს,  უამრავია და ყველა მათგანის გამოყენებით შეიძლება ამერიკის სამხედრო ძალამ  მიიღოს სრულიად კონკრეტული დასაყრდენი და დადებითი შედეგი. ყველა მათგანს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. შეიძლება ეს საკითხი იხილება, წყდება, თუმცა, მე ინფორმაცია არ მაქვს.

უსაფრთხოების მოზაიკა რომ იცვლება, ფაქტია. ეს საკმაოდ სერიოზული დინამიკაა: პირველი ეს არის ჯარების გამოჩენა აზერბაიჯანში და დამკვიდრება. მე ჯერ არ მინახავს რუსული კონგიტენგი შესული და შემდეგ იქიდან წამოსული. სამშვიდობო ძალები დროებით არის განლაგებულული, მაგრამ ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, საუბარი რთულია.

რუსეთი აზერბაიჯანში – ეს არის გაძლიერებული რუსეთი კავკასიაში. მეორე საკითხია თურქეთი, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზულად მუშაობს იმაზე, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევიდეს და დამკვიდრეს. ეს ასევე ძალიან სერიოზულად ცვლის ძალთა ბალანსს. გეოსტრატეგიული სიტუაცია მკვეთრ ცვლილებას განიცდის” – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა “მეტრონომთან.”

სამხედრო ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ აშშ-ს ძალა კავკასიაში სუსტდება, რაც რუსეთის გაძლიერებით აიხსნება. ამის ფონზე, საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება და ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსება. თუმცა, ალადაშვილმა აღნიშნა, რომ დაპირება მხოლოდ დაპირებად არ უნდა დარჩეს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა – მას სჭირდება შესრულება.

“ჯერჯერობით ამის თქმის საფუძველი არ არსებობს, თორემ საუბარი იმაზე, რომ სასურველი იქნებოდა, რომ ამერიკა უფრო ძლიერად იქნეს წარმოდგენილი საქართველოში, მათ შორის სამხედრო ბაზების სახით, უკვე დიდი ხანია მიდის. თუმცა, ამ მხრივ რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა. აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა ყოველდღიურად ღრმავდება, მაგრამ ის, რომ სამხედრო ბაზის განთავსებისკენ მიდიოდეს საქმე, ამის საფუძველი არ არსებობს. ბოლო ორი თვის განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში კარდინალურად შეიცვალა ყველაფერი.

ყარაბაღის მესამე ომმა და მისმა შედეგმა ბევრი რამე თავდაყირა დააყენა, პირველ რიგში სომხეთისთვის, ასევე დადებითად შეცვალა აზერბაიჯანისთვის, თუმცა, რაც მთავარია, ყველაზე მეტად მოიგო რუსეთმა, რომელმაც სამშვიდობო ძალების მთიან ყარაბაღში შეყვანით ახალი სამხედრო პლაცტარმი მოიპოვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და კორეტულად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

აშშ-ს როლი სამხრეთ კავკასიაში შესუსტდა, რადგან რუსეთი უფრო გაძლიერდა. გამოჩნდა ერთგვარ სამშვიდობო მომრიგებლად მთიანი ყარაბაღის ომში. რუსეთის როლი უფრო მეტად გაიზარდა, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაიზარდა თურქეთის როლიც, რომელიც უკვე აპირებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიყვანოს თავისი სამხედროები და თურქეთმა გახსნას თავისი სამხედრო ბაზა აზერბაიჯანში. ამის ფონზე, საქრთველოს სიტუაცია რთულდება, რადგან აზერბაიჯანს ჰყავს თავისი ერთგული მოკავშირე და მეგობარი თურქეთის სახით, რომელიც ასევე ძლიერდება სამხრეთ კავკასიაში. სომხეთს ჰყავს რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ სომხების დიდი იმედები, რომ რუსეთი ომის პირველივე დღიდან მხარში დაუდგებოდა, არ გამართლდა, თუმცა ერთ-ერთ მოკავშირედ მაინც რჩება.

საქართველოსთვის ასეთ ძალას წესით უნდა წარმოადგენდეს ევროკავშირი, ნატო და პირველ რიგში, აშშ. საქართველოს აფასებენ, მაგრამ კარგი იქნება თუ ეს დაფასება სხვა მხრივაც გამოიხატება. ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ისე, როგორც 2008 წლის გაზაფხულზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ხმამაღლა ამბობდა, რომ მალე ნატოს წევრი გავხდებით, ნატო კი ამბობდა, რომ ოდესღაც გავხდებოდით ნატო-ს წევრი. ამის საფუძველზე რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია. პასუხად დასავლეთიდან მხოლოდ აღშფოთება მივიღეთ. ამასობაში რუსეთმა ისევ არ შეგვჭამოს. თუ მოხდება სამხედრო ბაზის განთავსება, საქართველოს ტერიტორიული უსაფრთხოება აშშ-მ უნდა უზრუნველყოს” – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

თამარ შუკვანი

ფოტო: NYT

იტვირთბა....