ახალი ამბები მთავარი ჩვენი სტატიები ჯანდაცვა

ტყიბულში, 144 თანამშრომლის ინფიცირების გამო, საქნახშირმა მუშაობა შეაჩერა

ტყიბულში, საქნახშირის 144 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც „მეტრონომს“ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, ინფიცირებულთა შორის არიან როგორც მეშახტეები, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება“, – გვითხრეს საქნახშირში.

მომხდართან დაკავშირებით კომპანია განცხადებასაც ავრცელებს:

„საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. 13 ნოემბერს, PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.

„საქნახშირის“ შახტებში და მიწისზედა კომპლექსში Covid 19-ის სადეზინფექციო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ ღონისძიებებს ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს. „საქნახშირის“ თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

თამთა ქარქაშაძე

იტვირთბა....