„მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვით ენმ-ს შტაბი, კალაძე-კობიაშვილთან დაახლოვებული ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.
როგორც კობიაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, არჩევნების დღიდან მოყოლებული, არ სურდა ჩემი ოპონენტის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება.
„ვთვლიდი, რომ არეულობის ინსცენირება და დრამების დადგმა უბნებთან მათი ჩვეული საარჩევნო სტრატეგია იყო და ჩვენგან ყველაზე სწორი რეაქცია ამ სპექტაკლების იგნორირება იქნებოდა.
მაგრამ, როგორც ჩანს, ამ სიბინძურის დასრულებას არ აპირებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკანორ მელია.
ახლა, როცა ვანდალიზმს და სისხლის სამართლის დანაშაულს გვაბრალებენ, უპასუხოდ ვერ დავტოვებ კანდიდატი მელიას ცილისწამებას.
ის ბრძოლის მეთოდები, რაც ამ პარტიას მისი არსებობის განმავლობაში, 2003 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, არ შეცვლილა.
მათ ვერ აუწყეს ფეხი ვერც დროს, ვერც ახალ პოლიტიკურ რეალობას და ვერც ამომრჩეველს.
მე არ მჩვევია მელიას სტილში ყაყანი და ბრალდებების უმისამართოდ ფრქვევა.
მის დონეზე არ და ვერ დავალ!
დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი უწყებებები აუცილებლად დაადგენენ, თუ ვის ინტერესებში შედიოდა, რატომ და ვინ გააჩინა ხანძარი ნიკანორ მელიას ერთ-ერთ ოფისში და ყველა დამნაშავე უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
კანდიდატმა მელიამ კი უნდა დაასაბუთოს, რის საფუძველზე გვდებს ბრალს ოფისის დარბევაში და კრიმინალთან კავშირში, ან მოუწევს ცილისწამებაზე ბოდიშის მოხდა.
მისგან განსხვავებით, ჩვენ ტელესპექტაკლებს არ ვდგამთ.
მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვევა, მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს მათ ნამდვილ სახეს და კიდევ ერთხელ გამოჩნდება, სად არის სიმართლე და სად ამორალური ტყუილები!“- წერს კობიაშვილი.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი დაიწვა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
“უკომპრომისო ბრძოლა იქნება, მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, მოსარიდებელია თავი, თუ ბოლომდე შემოვლენ ბრძოლაში. ამ რეჟიმის მხრიდან რაიმე ადეკვატურს არ ველოდები. მოდიან და წვავენ. დევნას გამოვაცხადებ, დევნას გამოვაცხადე ამ კანონიერი ქურდების დამქაშების“, – განაცხადა მელიამ.