„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ლევან ვარშალომიძის მიერ ბათუმში, აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამომრჩეველს თუ ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისები იწვება და თავში ურტყამენ ადამიანებს, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში.
„უბრალოდ, ეს არ არის იმდენად სირცხვილის კორიდორი, რამდენად უფრო გამოფხიზლების. იმიტომ რომ, მე მიმაჩნია ერთი რამ, მაგალითად, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ დამეცვა როგორც ჩემი, ასევე „ქართული ოცნების“ ხმები. თუ რომელიმე ამომრჩეველი თვლის, რომ ოცნების ხმა დაცული უნდა იყოს და ბურჯანაძის, მელიას, უგულავას ან ნებისმიერი სხვა პარტიის ხმა მოპარული უნდა იყოს, თუ ასე თვლის რომელიმე ამომრჩეველი და ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმების იპარავენ, ოფისები იწვება და თავში ურტყამენ ადამიანებს, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში. მაგრამ რიგითმა ამომრჩეველმა, რომელსაც უნდა სამართლიანი არჩევნები, მაგრამ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, მას ამის უფლება აქვს. თვითონ მიხვდება ადამიანი. რომ გაივლით, შეურაცხყოფა თუ გეკუთვნით, მიიღებთ, თუ არ გეკუთვნით, არ მიიღებთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.