საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელ მაია სანდუას ლიდერობას ეხმიანება.
როგორც სააკაშვილი ლ ვიდეო-მიმართვაში აცხადებს, საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვაში ეგზიტპოლების შედეგები არცევნების რეალურ შედეგებს დაემთხვა.
“მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სადაც ჩემმა მეგობარმა, პროდასავლური ოპოზიციის ლიდერმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლებში ისეთივე შედეგი დადგა, როგორიც საქართველოში – იყო დაახლოებით 59%, ოპოზიციის სასარგებლოდ. მოლდოვაში საარჩევნო შედეგები ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვა. საქართველოში პირიქით დასვეს, რადგან არჩევნები მოიპარეს,”- აცხადებს სააკაშვილი.
ამასთან, სააკაშვილმა ერთმანეთს საქართველოსა და მოლდოვას პოლიტიკური მდგომარეობა შეადარა.
“როდესაც მე 2012 წელს ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი, მოლდოვა ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო და საქართველო იყო ბევრად წინ. დღეს მოლდოვა უსწრებს საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ერთიანი ეროვნული პროდუქტით 200 დოლარით. მოდლოვის ვალის მოცულობა არის მხოლოდ 26%, ხოლო საქართველოში 60% გახადეს. საქართველო დარჩა ბოლო ჩამორჩენილ დიქტატურად მთელს ამ სივრცეში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მაია სანდუსთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს. მესამე პრეზიდენტის თქმით, არჩევნებში სანდუს გამარჯვება ისტორიულია და იმას ნიშნავს, რომ მოლდოვა სწრაფად და ევროპულად განვითარდება.
მისივე თქმით, მოლდოვაში მაია სანდუს გამარჯვება პუტინისთვის შოკი, საქართველოსთვის კი დიდი იმედია.”