„ანტიდასავლური გზავნილები, სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია“ , – მედიის განვითარების ფონდმა (MDF) გამართა პრესკონფერენციას და წარადგინა ახალი კვლევა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების, ასევე ყალბი ინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიების მონიტორინგის შედეგებს აჯამებს.
დაკვირვება როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალურ მედიაზე ხორციელდებოდა, მათ შორის რეგიონულ მედიებსა და პოლიტიკური სუბიექტებთან დაკავშირებულ სოციალურ ანგარიშებზე.
ანგარიშის I ნაწილი ანტიდასავლურ გზავნილებს ეთმობა, II – სიძულვილის ენას, III – წინასაარჩევნო დისკრედიტაციის კამპანიებს; IV. – პოლიტიკური სუბიექტების მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, V – დეზინფორმაციას სოციალურ მედიაში პოლიტიკური და სხვა სუბიექტების წინააღმდეგ.
მონიტორინგის პერიოდში შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:
● ანტიდასავლური გზავნილები: პოლიტიკურმა სუბიექტებმა 157 ანტიდასავლური კომენტარი გააკეთეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი დასავლეთის, როგორც ღირებულებითი სივრცის, ასევე გეოგრაფიული და ინსტიტუციური ერთობის წინააღმდეგ იყო მიმართული. შემდეგ ადგილზეა ნატო, აშშ , არასამთავრობო ორგანიზაციები და სოროსი, ხოლო ბოლო ადგილზე – ევროკავშირი.
● ნატოს წინააღმდეგ ყველაზე მეტი კომენტარი “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა გააკეთეს, რა დროსაც ნეიტრალიტეტის და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზით პრობლემების მოგვარების საკითხი დომინირებდა.
● ანტიდასავლურ გზავნილებში ყველაზე დიდი წილი თავსმოხვეულ ლიბერალურ კანონმდებლობას შეეხებოდა: ანტიდისკრიმინაციული, ოჯახური ძალადობის და ბავშვთა საკითხების შესახებ კანონმდებლობის გადახედვასთან ერთად, “ქართული მარში” პირადობის მოწმობაში ეთნიკურობის გრაფის აღდგენისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონმდებლობის მიღების ინიციატივით გამოდიოდა.
სიძულვილის ენა: საარჩევნო სუბიექტების სიძულვილის ენის შემცველი 140 კომენტარიდან ყველაზე დიდი წილი ქსენოფობიაზე მოდის, რასაც ჰომოფობიური შეფასებები თითქმის ნახევარჯერ ჩამორჩება.
● პოლიტიკური ოპონირების ფარგლებში, ანტილიბერალური პარტიები მათ კონკურენტ ძალებს ხშირად “გეირევოლუციონერებად”, “ლგბტ კოალიციად”, “ლიბერასტ ურჯულოებად” მოიხსენიებდნენ და აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გეი-რევოლუციონერებსა და ეროვნულ ძალებს შორის უნდა გაეკეთებინა.
● პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია: საანგარიშო პერიოდში “მითების დეტექტორმა” პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული 22 დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსი გადაამოწმა. პატრიოტთა ალიანსი ყველაზე ხშირად ისტორიით მანიპულირებდა და ამ თემას თურქოფობიური განწყობების გასაღვივებლად იყენებდა. “ქართული მარში”
იდენტობის დაკარგვის საფრთხეების გარდა, ბალტიის ქვეყნებთან მიმართებით კრემლის დეზინფორმციულ გზავნილებს იმეორებდა. ქართული მარშის წევრებმა ესტონეთის მოქმედი და ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტების, ასევე აშშ-ში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ 3 დეზინფორმაცია გაავრცელეს, რაც მიზანმიმართული დისკრედიტაციის ხასიათს
ატარებდა.
კონსპირაციები კორონავირუსზე: კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების (პატრიოტთა ალიანსი, ქართული იდეა, ზვიად ტომარაძე) მიერ გავრცელებული კონსპირაციები ვირუსის არარსებობას და ვაქცინაციის
საფრთხეებს შეეხებოდა.
წყაროები: ყველაზე მეტი ანტიდასავლური კომენტარი, ასევე სიძულვილის ენის შემცველი განცხადება კრემლისტურმა პარტიამ “პატრიოტთა ალიანსმა” გააკეთა; რომელსაც მოსდევს ულტრანაციონალისტური “ქართული მარში”. პატრიოტთა ალიანსი და სხვა ულტრანციონალისტური სუბიექტები დეზინფორმაციულ გზავნილებსაც ყველაზე ხშირად ავრცელებდნენ.
● მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სუბიექტების უმეტესობა ფიგურირებს სხვადასხვა დოკუმენტებში, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევასთან დაკავშირებით გავრცელდა: კერძოდ, ცენტრ “დოსიეს” ჟურნალისტური
გამოძიება შეეხება კრემლთან დაკავშირებულ “პატრიოტთა ალიანსს”, ხოლო ესტონეთის საგარეო დაზვერვის 2019 წლის ანგარიში – “ქართულ მარშსა” და პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული ცენტრს.
წინასაარჩევნო დისკრედიტაციის კამპანიები: ყველაზე გავლენიანი დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისფულებამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ წამოიწყო, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემას ეხებოდა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. აღნიშნული კამპანია აყალიბებდა ნარატივს, რომ ოპონენტები ეკლესიებს და სამშობლოს ჰყიდიან, ხოლო ხელისუფლება, ამ საფრთხეების განეიტრალებს ახდენს.
● კამპანიას სამართლებრივი პროცესიც ახლდა თან, რისი საფუძველიც რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული ბიზნესმენის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ტოპოგრაფიული რუკების მიწოდება გახდა.
დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში პოლიტიკური და სხვა სუბიექტების წინააღმდეგ: პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის გარდა, სოციალურ მედიაში გამოვლენილი 31 ყალბი შინაარსიდან, ყველაზე მეტი (16) ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული, 8 შემთხვევა – “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, 4 მანიპულაციური მასალა კი მმართველი პარტიის მხარდასაჭერად. 2 დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გავრცელდა, 1 კი – ტრამპის ქართველი მხარდამჭერი გვერდის მიერ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.
● დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ციტატების გაყალბება (9) და ყალბი ინფორმაცია (9), ასევე გაყალბებული
პოსტების/დოკუმენტების და ფოტო-ვიდეომანიპულაციის (8) გავრცელება. ამასთანავე მმართველი პარტიიის სასარგებლოდ
ქლიქბაიტ საიტებით ცრუ მოლოდინების შექმნის 3 და ოპოზიციის წინააღმდეგ ყალბი მხარდამჭერი გვერდის შექმნის 2 შემთხვევა გამოვლინდა.
● გამოვლინდა 56 ფეისბუკ ანგარიში, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ ყალბ ცნობებს ავრცელებდა და მეტწილად მმართველ
პარტიასთან იყო აფილირებული; ასევე 30 ანგარიში, რომელიც ყალბ ცნობებს მმართველი პარტიის წინააღმდეგ აქვეყნებდა
და ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული;
● პრორუსულ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული (9), ასევე ულტრანაციონალისტური/ანტილიბერალური (4) სოციალური
მედიის ანგარიშები შედარებით მცირე იყო, თუმცა ამ ჯგუფების წარმომადგენლები პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული
ყალბი ინფორმაციის ნაწილში დომინირებენ (22).
● დეზინფორმაციის დიდი წილი შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ასახავდა, 2 შემთხვევაში დეზინფორმაცია როგორც
ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდის დღის წესრიგთან იყო თანხვედრაში. თუმცა, გარკვეულ
შემთხვევებში კრემლის პროპაგანდის მსგავსად შიდაპოლიტიკურ დისკურსში სახელისუფლებო ანგარიშები რელიგიური და
სექსუალური იდენტობის დაკარგვის საფრთხეებით მანიპულირებას მიმართავდნენ.
● აღსანიშნავია, რომ „მითების დეტექტორის” მიერ ფეისბუკზე ყალბი ცნობების დეზინფორმაციად მონიშვნის შემდეგ, რაც ფეისბუკთან Third party Fact-Checking program-ის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, ყალბი ინფორმაციის შესახებ 17 მასალას რეაგირება მოჰყვა და ფეისბუკ ანგარიშებმა მცდარად შეფასებულ შინაარსი თავადვე წაშალეს.
ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი ნარატივები 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით მონიტორინგის შედეგებს ასახავს; ხოლო ყალბი ინფორმაციის 1 აგვისტოდან 10 ნოემბრის ჩათვლით გამოვლენილ შემთხვევებს.
ავტორი: თამარ კინწურაშვილი
მონაცემთა დამუშავება: თინა გოგოლაძე, მარიამ ცუცქირიძე
მედია მონიტორინგი: თამარ გაგნიაშვილი, სოფო გოგაძე, ხატია ლომიძე, სოფო ჩხაიძე
რეგიონული მედია მონიტორინგი: მარიამ დანგაძე, ანი ქისტაური, მარიამ თოფჩიშვილი
ბმული: წინასაარჩევნო მონიტორინგი 2020- ანტიდასავლური გზავნილები, სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია