ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამწუხაროდ, აღინიშნება კოვიდ შემთხვევების მატება, საქართველოში ყოველდღე ფიქსირდება რეკორდული რაოდენობა” – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით ქვეყანაში საქართველოში ყოველდღე კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, სრული ლოკდაუნი დიდ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და იწვევს ეკონომიკის რეცესიას და აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე, რასაც, მისივე თქმით, ძალიან უფრთხილდება საქართველოს მთავრობა.

“სამწუხაროდ, აღინიშნება კოვიდ შემთხვევების მატება, საქართველოში ყოველდღე ფიქსირდება რეკორდული რაოდენობა. 3 500-ს გადააცილა უკვე ერთ დღეში გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ მინდა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ეს საქართველოში არ ხდება, ეს არის მთელ მსოფლიოში, სადაც ყოველდღე მყარდება რეკორდები – 643 000 ახალი შემთხვევა იყო გუშინ, დღეს სავარაუდოდ, არანაკლები იქნება, განსაკუთრებით ბევრი ახალი შემთხვევაა ევროპაში. ევროპის ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა ლოკდაუნი, სრული ან ნაწილობრივი. გუშინ, საფრანგეთმა და გერმანიამ ევროპის ამ უდიდესმა ორმა ქვეყანამ გამოაცხადა სრული ლოკდაუნი, როცა პრაქტიკულად შეიზღუდება ყველანირი გადაადგილება, პარიზში საბუთის გარეშე მოქალაქეს ეკრძალება გამოსვლა სახლიდან – მხოლოდ სამსახურში, ან მხოლოდ აფთიაქში, მეტი არსად. საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ აპირებს ასეთ მკაცრ ზომებს მიმართოს, არის წერტილოვანი შეზღუდვები, წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები და თუ მოგვეცა საშუალება ამით გადავრჩეთ, ეს დიდი ბედნიერება იქნება, რადგან ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს, იმიტომ რომ სრული ლოკდაუნი დიდ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და იწვევს ეკონომიკის რეცესიას და აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე, რასაც ასე ძალიან უფრთხილდება საქართველოს მთავრობა.

სამაგიეროდ, იმის გამო, რომ არ გამოაცხადეს ლოკდაუნი, სახელმწიფოს და კლინიკურ სექტორს თავის თავზე დიდი დატვირთვის აღება უწევს. ლოკდაუნი რომ გამოცხადებულიყო, ამით ჩვენზე დატვირთვა შემცირდებოდა და სახელმწიფო უფრო იოლად გაუმკლავდებოდა. სახელმწიფომ აირჩია პანდემიასთან ბრძოლის არა იოლი გზა, არამედ ძნელი გზა, იმიტომ რომ ეს შედის მოსახლეობის ინტერესებში, თორემ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და ჩვენთვის, ექიმებისთვის გაცილებით იოლი იქნებოდა პანდემიასთან ბრძოლა ლოკდაუნის პირობებში, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ მეტი საწოლფონდის, მეტი ექიმების მობილიზება, დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს მენეჯმენტი, რათა ის ხარვეზები, რომელიც დღეს შეინიშნება – დაგვიანება ტესტირებაში, დაგვიანება სასწრაფო დახმარების ექიმის მომსახურებისას, ოჯახის ექიმიდან, ზოგჯერ დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, აღმოიფხვრას.

მინდა ქართველ მოსახლეობას ვუთხრა, ნუ იქნება გულგატეხილი და ნუ აღიქვამს ამას, როგორც ჩვენს არასათანადო მზადყოფნას, არა. ასეთი სიტუაციაა იმ ქვეყნებში, რომელთა ეკონომიკა და ჯანდაცვის სისტემა ჩვენსაზე ათჯერ, ასჯერ უფრო ძლიერია. იქ ეს ყველა დაბრკოლება, რაც ჩვენს ჰოსპიტალურ, კლინიკურ სექტორშია, იქ გაცილებით დიდი მასშტაბებითაა, იქ ადამინები ზოგჯერ საერთოდ ვერ აღწევენ კლინიკამდე და სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ბინაზე გარდაცვალების შემთხვევები, რაც ჩვენთან ერთეულია. მინდა, ჩვენი მოსახლეობა დავარწმუნო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე დღეები გვიდგას ახლა, ის მაინც საიმედოდ არის დაცული“, – განაცხადა ცერცვაძემ.

იტვირთბა....