ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კანდელაკის თქმით, 65-ე საარჩევნო უბანზე ოცნების წარმომადგენლები ეუთოს დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ

“ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მარნეულის 65-ე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ეუთო-ს დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ. ამის შესახებ კანდელაკმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კანდელაკის თქმით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როცა ეუთო-ს დამკვირვებელი კირა კაურინკოსი “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ხმების გაყალბების პროცესს შეესწრო.

პარტიის წევრის ინფორმაციით, უბანზე საკრებულოს თანამშრომელმა ელშან გასანოვმა ​რამდენიმე ათეული ბიულეტენი შეიტანა, სადაც 41 ნომერი იყო შემოხაზული.

“უბანზე შემოვიდა მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი ელშან გასანოვი, რომელმაც უბიდან ამოიღო ბიულეტენების დასტა, დაყარა მაგიდაზე და თქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვნა იატაკზე. ამ ფაქტს შეესწრო კირა კაურინკოსი, ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებელი და რა თქმა უნდა, გაუკვირდა. როგორ შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს საერთოდ? ამ ბიულეტენებში შემოხაზული იყო 41. ამ დროს ეუთოს გრძელვადიან დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იქ მყოფი ქართული ოცნების წარმომადგენლები, ადგილი ჰქონდა გაწევ-გამოწევას და ეს დასტა, საბოლოო ჯამში, მიათვალეს ხმების საბოლოო რაოდენობას”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

იტვირთბა....