ახალი ამბები ბლოგები მთავარი მსოფლიო

ბატაკლანის ღამე

გზავნილი პარიზიდან  სპეციალურად “მეტრონომისთვის”

Girl

ალბათ, ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ ფრანგები იმას, რაც მოხდა პარასკევს, ცამეტ ნოემბერს.. არადა, სულ რამდენიმე საათის წინ კაფეში, ჩემს მეგობართან და კოლეგასთან, რადიო RTL-იდან ზუსტად ტერორიზმის თემას განვიხილავდით.. “ტერორს არა აქვ რელიგია, ეთნიკური წარმომავლობა და კანის ფერი” – მითხრა წასვლისას ფრანსუამ, რომელიც სულ ახლახან დაბრუნდა რუანდიდან. იგი იქ 1996 წლის რუანდის გენოციდის 20 წლისთავზე რეპორტაჟების მოსამზადებლად იყო წასული.

rose

არა, 13 ნოემბრის ღამე არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რაც ჩემი მეგობარი ფრანსუას სიტყვების აქსიომური სიმართლის ასპროცენტიანი დასტურია. პარიზის სისხლის კალოს მომწყობი ტერორისტები იყვნენ ახალგაზრდები, თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე. აჰაა, ესეც თქვენ, ტერორისტებზე შექმნილი წარმოდგენა, რომ ისინი აუცილებლად წვერმოშვებული, მკაცრი გამომეტყველების და აუცილებლად სამხედრო კამუფლიაჟებში გამოწყობილი კუნთმაგარი ტიპები არიან, როგორც ჩანს, მცდარია. პარიზის ტერაქტში ჩვეულებრივი ბიჭები მონაწილეობდნენ… ისეთები, ყველა კუთხეში რომ ნახავთ ლაღებს და თინეიჯერული შემართებით. პარიზელ მკვლელებს სახეზე ნიღბებიც არ ეკეთათ, მაგრამ… სასტიკები ყოფილან… ენით აღუწერელი და ჯერ არნახული… “კურდღლებივით კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს” – დაწერა გუშინ საკუთარ ტვიტერზე, რადიო Europe 1-ის ჟურნალისტმა ჟულიენ პეარსიმ… ბატაკლანის ტრაგედიის მომსწრემ, რომელიც ტერორისტების ტყვეობაში, სპექტაკლის გასაშუქებლად, ზუსტად იმ დარბაზში იმყოფებოდა,  სადაც ეს ცივსისხლიანი “ჩვეულებრივი გამომეტყველების” ბიჭები შევარდნენ და 90 უდანაშაულო ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო – საფრანგეთი შოკშია, ქვეყანაში შიშის მომგვრელი სიჩუმეა. ნოემბრის ცამეტმა ფრანგების მენტალიტეტში ნამდვილად  ბევრი რამ შეცვალა. თეატრები ცარიელია, სხვადსხვა სპორტული შეჯიბრებები გადაიდო, რეგიონალური არჩევნებიც კი 6 დეკემბრისთვის გადაიტანეს, საზღვრებზე ჯარი და ჟანდარმერია პატრულირებს 24-საათიან რეჟიმში.

kid

1954 წლის მერე ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ფრანგები გლოვობენ. გლოვობენ უხმოდ, სიტყვების, ცრემლების და ემოციების გარეშე. მე მგონია რომ, ეს საშინელი ღამე შევა საფრანგეთის ისტორიაში “ბატაკლანის ღამის” სახელით…  შევა რადგან, ამ საშინელი სისხლის კალოს დავიწყება არ შეიძლება. არ მინდა ამ წუთში რაიმე ანალიზის და შეფასებების გაკეთება, რადგან ჯერ ერთი, ცხელ ტვინზე შეფასებები არ კეთდება და მეორეც, შეფასებები მერე უნდა გაკეთდეს, როცა ბოლომდე გაირკვევა რა მოხდა, როგორ მოხდა და როგორ მოუვიდა საფრანგეთის “ნაქებ” კონტრდაზვერვას კიდევ ერთი “ჩაფლავება”…

woman

მე, პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ საფრანგეთს და ფრანგ ხალხს. იმ ხალხს რომლებიც ძმობის ერთობის და თავისუფლების სიმბოლოები არიან ევროპაში.

 

გიორგი ფოფხაძე

იტვირთბა....