ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს საკითხი ბოლო დროს ინტენსიური აჟიოტაჟის საბაბი გახდა” – “ნეოლაბის” ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

კლინიკა “ნეოლაბის” ხელმძღვანელი, გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში და მსოფლიოში PCR ტესტები ერთმანეთის ანალოგიური მეთოდებით ტარდება.

აღნიშნულ პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

“კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში მოსახლეობამ ბევრი ახალი სამედიცინო ცნება და ტერმინი ისწავლა, რაც უმეტეს შემთხვევაში დადებითი მოვლენაა, თუმცა ზოგჯერ არასწორად ინტერპრეტირებული ინფორმაცია შეიძლება დამაბნეველი და ზოგჯერ საზიანოც კი გახდეს. ამ დღეებში ძალიან ბევრი მირეკავს და მწერს, რომ თითქოს ზოგიერთი ლაბორატორია აკეთებს ისეთ ანალიზს, რომელიც ადგენს თუ რომელ სტადიაზეა / ფაზაზეა დაავადება, რის საფუძველზეც პაციენტებმა შეიძლება გააკეთონ დასკვნა, შეწყვიტონ თუ არა თვითიზოლაცია ანუ ჩათვალონ თუ არა თავი განკურნებულად. ამ სიტუაციას, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ზოგიერთი ლაბორატორიის მიერ არაკეთილსინდისიერი თვითრეკლამა, რომ თითქოს ის რაღაც უფრო “აღმატებულ” ტესტს აკეთებს და ადგენს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის “სტადიას”. მინდა განვმარტო, რომ საქართველოში და მსოფლიოში PCR ტესტები ერთმანეთის ანალოგიური მეთოდებით ტარდება (ესაა ე.წ. რეალურ-დროითი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია – Real-Time Polymerase Chain Reaction ანუ მოკლედ RT-PCR), რომლის დროსაც რეაქცია მიმდინარეობს ტემპერატურული რეჟიმების ციკლური განმოეორებებით და თუკი პაციენტი დადებითია კონკრეტულ ინფექციურ აგენტეზე, კონკრეტული ციკლიდან იწყება ამ ინფექციური აგენტის (მაგალითად ვირუსის) გენეტიკური მასალის კოპიების სწრაფი (ექსპონენციალური) ზრდა. ამ კოკრეტულ ციკლს უწოდებენ ზღურბლოვან ციკლს (Threshold cycle ანუ მოკლედ Ct). ზუსტად ამ Ct-ს ინტერპრეტაციის უამრავ “ვარიანტს” ვისმენ და ვკითხულობ ამჟამად. უნდა განვაცხადო, რომ საბოლოო ჯამში Ct -ის ინტერპრეტაცია ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის მოვალეობაა და არა კლინიცისტების ან მითუმეტეს არასპეციალისტების. Ct სუფთად ტექნიკური მაჩვენებელია და მის საფუძველზე ლაბორატორიამ უნდა გასცეს ან დადებითი ან უარყოფითი ან თუნდაც საეჭვო მაჩვენებელი (ეს უკანასკნელი ექვემდებარება ხელმეორედ გადამოწმებას). საზოგადოდ რაც უფრო დაბალია Ct, მით უფრო მაღალია ვირუსის კონცენტრაცია საკვლევ მასალაში, მაგარამ მისი საშუალებით დაავადების სტადიის დადგენა არ ხდება!! მაგალითად მაღალი Ct შეიძლება იყოს როგორც დაავადების დასაწყისში, ისე მისი ჩამთავრებისას ან ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ინფექციის მთელი პერიოდის განმავლობაში ჰქონდეს მისი მაღალი მაჩვენებელი (ანუ ვირუსის ძალიან დაბალი კონცენტრაცია ან თუნდაც ნულოვანი მაჩვენებელიც კი). იმედია, ცოტათი მაინც გასაგები გავხადე მკითხველისთვის ეს საკითხი, რომელიც ბოლო დროს ინტენსიური აჟიოტაჟის საბაბი გახდა”, – წერს კამკამიძე.

იტვირთბა....