ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ჩვენი სტატიები

ირაკლი მენაღარიშვილი: რეგიონში ერთი უმძიმესი კონფლიქტი დაიძრა, რაც პოზიტიური სტიმულია ჩვენთვისაც

„როდესაც საუბარია საომარი მოქმედებების შეჩერებაზე, ცხადია, მისასალმებელია, რომ შეწყდა სისხლისღვრა და ნგრევა“, – ასე აფასებს „მეტრონომთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისივე განმრტებით, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთი-ერთი შედეგი ისაა, რომ ყარაბაღის დიდი ნაწილი უბრუნდება აზერბაიჯანს, ამით კი პროცესი დაიძრა, რითაც მისი ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად რეალურია მთიანი ყარაბაღის საკითხის პარალელის გავლება საქართველოსთვის აფხაზეთის დაბრუნებასთან, ირაკლი მენაღრიშვილი ამბობს, რომ ასე საკითხის დასმა რთულია, თუმცა ის, რომ რეგიონში ერთი უმძიმესი კონფლიქტი დაიძრა, უკვე პოზიტიური სტიმულია.

„ასე საკითხის  დასმა რთულია, ეს გადაწყვეტილება გუშინ არ ჩამოყალიბებულა, მას წინ უძღოდა მრავალი კვირის სისხლისმღვრელი ომი. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საომარი მოქმედება უნდა დავიწყოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყოთ მზად ომისთვის, ისე, როგორც აზერბაიჯანი იყო, პარალელურად, საერთაშორისო ძალების განწყობა და განლაგება ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ამ შემთხვევაში, რაც რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია – საუბარია, რუსეთის სანახევროდ, მაგრამ მაინც ნეიტრალურ ოპოზიციაზე და ისეთ პირდაპირ მხარდაჭერაზე, როგორიც ჰქონდა თურქეთისგან აზერბაიჯანს.
საერთაშორისო ურთიერტობებში პირდაპირი პარალელები არაფერს იძლევა, მაგრამ ერთი რამ უდავოა – უნდა შეიქმნას მოტივი იმისთვის, რომ არაფერია მუდმივი ქვეყანაზე, მითუმეტეს, თუ ეს ეხება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ნგრევას, ამის აღდგენა შესაძლებელია, მიდგომა შეიძლება იყოს სხვანაირი… აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის სტრატეგია, ეს არის ჩვენი გზა, მაგრამ ის, რომ რეგიონში ერთი უმძიმესი კონფლიქტი დაიძრა, უკვე პოზიტიური სტიმულია“. – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და დასძინა, რომ ზემოთ აღნიშნული შეთანხმების ერთ-ერთი მუხლი მოიცავს სატრანსპორტო ბლოკადის გახსნას სომხეთისთვის, რაც გაააქტიურებს მის სატრანზიტო ფუნქციას – საავტომობილო და სარკინიგზო თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უდნა, გარკვეულწილად, გამოწვევა იქნება საქართველოსთვის, თუმცა უზარმაზარი ინფრასტრუქტურა, მილსადენები და ა.შ. ასე მარტივად ვერ გადალაგდება.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედროს შეიყვანს, სომხეთი კი შეიარაღებული ძალების დანაყოფებს გამოიყვანს. ამავე შეთანხმების თანახმად, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება. გადაწყვეტილებას სომხეთში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ადგილობრივები ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, მათი ნაწილი კი მთავრობის სახლში შეიჭრა. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია.

ამასთანავე, რუსული მედიის ცნობით, რუსეთი და თურქეთი დღესვე, 10  ნოემბერს გააფორმებენ სპეციალურ შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მიზნით, ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნას გულისხმობს, რომელსაც, როგორც თავად განმარტავენ, შეთანხმების მე-5 პუნქტი არეგულირებს.

 

თამთა ქარქაშაძე

 

 

იტვირთბა....