ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჩვენი სტატიები

კონსტიტუციონალისტები “მეტრონომთან”: “შემოღებული აკრძალვა გადაადგილებაზე ანტიკონსტიტუციურია”

აკრძალვა, რომელიც ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებას ზღუდავს, ანტიკონსტიტუციურია. ამის შესახებ კონსტიტუციონალისტები “მეტრონომთან” საუბრობენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში მიღებული დებულება, რომელიც პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს, ადამიანების უფლებების უხეში დარღვევაა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან მოქმედებს შეზღუდვა, რომელიც დიდ ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილებას ზღუდავს. ოპოზიციონერი ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები აპელირებენ იმაზე, რომ ეს აკრძალვა დეკრეტული გადაწყვეტილებაა, რომელიც პარლამენტის გვერდის ავლით არის მიღებული და თვითონ კანონში არის პრობლემა, რომელსაც არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “მეტრონომთან” ამბობს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების გარეშე ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, არაკონსტიტუციურია და კანონში ძალიან სერიოზული დარღვევა შეინიშნება.

“პირველ რიგში, დარღვევას ვხედავ კანონის იმ ცვლილებაში, რომელიც შეიტანეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ და ეპიდემიური მდგომარეობის დროს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, დაუშვეს ასეთი შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა, რაც არის ანტიკონსტიტუციურია. სწორედ ამ კანონის საფუძველზე შემოიღეს ის, რასაც უწოდებენ “კომენდანტის საათს,” ანუ შეზღუდეს გადაადგილების უფლება. არა და, ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს საგანგებო მდგომარეობის დროს.

პრობლება არის არაკონსტიტუციურ კანონში და ამ კანონის საფუძველზე ამ შეზღუდვის შემოღებაში. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური. პირველ რიგში, უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის ის ნორმა, რომლითაც მთავრობას შესაძლებლობა მიეცა ასეთი შეღუდვის შემოღებისა. ამის პარალელურად, უნდა გასაჩივრდეს მთავრობის ეს გადაწყვეტილებაც. შესაბამისად, გადაადგილების შეზღუდვა არის არაკონსტიტუციური, ამ დარღვევისთვის დაკისრებული სანქციაც არაკონსტიტუციურად ითვლება” – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ “მეტრონომთან.”

კიდევ ერთი კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ უნდა გადაიხედოს დებულების ის ნაწილი, რომელიც ადამიანის გადაადგილების შეზღდვას ითვალისწინებს.

“კონსიტიტუციაში პირდაპირ არის დაფიქსირებული, რა პირობების არსებობისას არის შესაძლებელი ძირითადი უფლებების შეზღუდვა, გაუქმება და ა.შ. ჩამოთვლილი არის რამდენიმე გარემოება, რომელიც შეიძლება დადგეს მხოლოდ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს. ერთ-ერთი ასეთი უფლება არის გადაადგილების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლო თუ იმსჯელებს ამ საკითხზე, ალბათ მივა იმ დასკვნამდე, რომ კანონის ეს დებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

თუ ადამიანის რომელიმე უფლება შეიზღუდება, ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი პირობები და პროცედურები. თუ გადაადგილების უფლება შეზღუდულია კანონით, რომელიც არ არის მიღებული შესაბამისი წესის არსებობისას, მაშინ ეს არაკონსტიტუციური იქნება. მთლიანად კანონზე არა, მაგრამ შეიძლება იმ დებულებაზე ითქვას არაკონსტიტუციური, რომელიც ადამიანის უფლებას ზღუდავს. არის მეორე საკითხიც, იყო თუ არ დარღვეული ამ კანონის მიღების წესი, ამ შემთხვევაში მთლიანად კანონი დაკარგავს იურიდიულ ძალას” – განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

თამარ შუკვანი

იტვირთბა....