ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგიის ინსტიტუტის მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი, მარი მურცხვალაძე სამეცნიერო ბლოგში განმარტავს, რამდენად უტყუარია SARS-CoV-2-ის სადიაგნოსტიკო ტესტები.
მისი განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანის ორგანიზმში კოვიდინფექციის დასადასტურებლად გამოიყენება PCR მეთოდი.
„ამ დროს, ტესტირების მომენტში SARS-CoV-2-ის არსებობას ადგენენ. მეთოდი ემყარება შებრუნებულ ტრანსკრიფციულ ჯაჭვური პოლიმერაზას რეაქციას (RT-PCR). PCR ტესტი მიიჩნევა ძალიან ზუსტ მეთოდათ და ამ დროს ცრუ დადებითი შემთხვევები თითქმის არ ფიქსირდება. ტესტირების არასწორი შედეგი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ნაცხის არასწორი აღებით, ტრანსპორტირების და ნიმუშის შენახვის პირობების დარღვევით, მკვლევარის მიერ დაშვებული შეცდომით. ამიტომ, ამ შეცდომების გამოსარიცხად, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის და ეპიდემიულოგიური მონაცემების საფუძველზე ზოგჯერ ტესტს განმეორებით ატარებენ. შებრუნებული ტრანსკრიფციული ჯაჭვური პოლიმერაზას რეაქციის დროს, პირველ ეტაპზე ხდება ვირუსული არასტაბილური რნმ-ის უფრო სტაბილურ დნმ-ად გარდაქმნა - უკუტრანსკრიფცია. ხოლო მომდევნო ეტაპზე, სპეციფიური საადიაგნოსტიკო სამიზნე გენების ამპლიფიცირება. SARS-CoV-2-ის PCR მეთოდით დიაგნოზირება რამოდენიმე გენის სეგმენტის მიხედვით ხდება. როგორც წესი, მწარმოებლები ცდილობენ ისეთი ტესტების წარმოებას, რომელიც უტყუარი და ზუსტი პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა“. - ამბობს მარი მურცხვალაძე.
სამეცნიერო ბლოგი მომზადდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ Black Sea Trust-ის (გერმანიის მარშალის ფონდი) ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს Black Sea Trust-ის მოსაზრებებს.
ვრცლად გაეცანით ბმულზე: როგორ ხდება კოვიდ 19 დიაგნოსტირება?
წყარო: mythdetector.ge