თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნული დადგენილება ძალაში 9 ნოემბრიდან შედის. – ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.