საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რითაც სალომე ზურაბიშვილის მივლინების ხარჯების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წინა პრეზიდენტების მივლინების ხარჯები დღევანდელ პრეზიდენტთან შედარებით გაცილებით მეტი იყო.
“გვსურს, კონკრეტული ფაქტებით გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის ხარჯების შესახებ, მისი დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოებამ თავად შეადაროს ციფრები და გააკეთოს დასკვნები.
საქართველოს პრეზიდენტების 9 თვის სამივლინებო ხარჯები:
მიხეილ სააკაშვილი (2012 წელი) – 2,558,799 ₾ იმდროინდელი გაცვლითი კურსით (კურსი1.6) – 1,599,249 $.
გიორგი მარგველაშვილი (2016 წელი) – 1,991,954 ₾ (კურსი 2.1) – 948,549 $
სალომე ზურაბიშვილი (2019 წელი) – 1,335,569 ₾ (კურსი 2.6) – 513,680$
აღნიშნული ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მივლინების ხარჯი დაახლოებით 3-ჯერ მეტი იყო, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის ორჯერ მეტი, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტისა.
საყურადღებოა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს სარეზერვო ფონდი, რომელიც 2019 წლიდან განულდა და 2013-2018 წლებში წლიურად 5 მილიონს, ხოლო 2013 წლამდე პერიოდში 50 მილიონ ლარს შეადგენდა” – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.