ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„პასუხისმგებლობას არ გავურბივართ“, – მინისტრი СOVID-19-ით გარდაცვლილ ცოლ-ქმარზე 

„კონკრეტულ შემთხვევასაც ვიცნობ და სხვასაც, აქ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დროულობა და ეფექტურობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, Covid-19-ით გარდაცვლილი ცოლ-ქმრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ პაციენტის კოვიდტესტმა ჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა, რამდენიმე დღეში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, არ ნიშნავს, რომ ხარვეზია ტესტირების კომპონენტში

„შეიძლება, ნებისმიერ დღეს დავინფიცირდეთ, თავი უდნა დავიცვათ,  დისტანციის არდაცვა გვაყენებს ყველაზე დიდი ზიანს. ჯანდაცვის სექტორი იღებს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, თუმცა ყველა ისეთ შემთხვევაზე, რომელიც რთულდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ან დაგვიანებული გამოვლენის გამო, გაუჭირდებათ მხოლოდ ექიმებს პასუხის გაცემა და პასუხისმგებლობის აღება“.- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ კონტუათში, 54 წლის პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალა.  გარდაცვლილი ქალი ამავე სოფლის სკოლაში დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო.

გარდაცვალებამდე მათი შვილი, მარი კაკაურიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერდა მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ და დახმარებას ითხოვდა.

ამასთანავე, მარი კაკაურიძე აღნიშნავდა, რომ მამის PCR ტესტმა ჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა რამდენიმე დღეში ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა.

„გამარჯობა! ორივე მშობელი მყავს მძიმედ კოვიდინფიცირებულები! რეანიმაცია ესაჭიროებათ! ყველა თუ ვინმე მყავდა, ნაცნობი შევაწუხე, იქნებ ერთისთვის მაინც მიპოვოთ-მეთქი და ამ დრომდე არაფერია. იქნება დამეხმაროთ და ერთის სიცოცხლე მაინც შემინარჩუნოთ! გემუდარებით“, – მიმართავდა სოციალური ქსელის მომხმარებლებს გარდაცვლილთა შვილი.

5 ნოემბერს კი ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში მან დაწერა: „თქვენ მომკალით, დედი, მამიი, მიკო რომ არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ!… შემეშვით, მამაც აღარ მყავს!“…

იტვირთბა....