სამართალდამცველებმა დააკავეს მოქალაქე, რომელმაც სავარაუდოდ გლდანში ნათესავს ესროლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“პოლიციამ 1983 წელს დაბადებული ზ.მ. და 1978 წელს დაბადებული ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ თბილისში, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეგობართან – ბრალდებულ ი.ნ.-სთან ერთად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ნათესავის – 1984 წელს დაბადებული ი.მ.-ის და მისი მეგობრის – 1985 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მიმართულებით იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლისას დაზიანდა ი.მ-ის კუთვნილი ავტომობილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.