სომხური მედიის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირება ფრონტის ხაზის აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებებზე გრძელდებოდა.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არმიის მოიერიშე ჯგუფებმა ფრონტის ხაზის გარღვევა უშედეგოდ სცადეს და დიდი დანაკარგებით უკან დაიხიეს. სომხური მხარე აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს. სომხეთის მედია აზერბაიჯანული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების აღდერინის და ხოჯავენდის მიმართულებით გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხურ მხარეს ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგები აქვს. აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, სომხეთის არმიამ გერანბოის, ტერტერის და აღჯაბედის რაიონები დაბომბა.