„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს აკრძალული აქვთ სხდომაზე დასწრება.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, კომისიების სხდომაზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების და უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ამავე ბრიფინგზე, მან ოპოზიციას მოუწოდა, დატოვონ საოლქო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორია.
„ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ მომსწრე იმისა, როგორ ხდება საარჩევნო უფლების ხელყოფის მცდელობა. სამწუხაროა, რომ რასაც დღეს ოპოზიცია საარჩევნო უფლების დაცვის ლოზუნგით ახორციელებს, არის პირდაპირი ზეწოლა საარჩევნო კომისიაზე. მოვუწოდებ მათ, დატოვონ მიმდებარე ტერიტორია. ვიცით, რომ კომისიებში არის ყველა პარტია, ამიტომ არანაირი საჭიროება იმისა, რომ იქ დამატებით ხალხი შევიდეს, არ არის. კომისიების სხდომაზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების და უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვაცადოთ მათ მუშაობა, ხელი არ შევუშალოთ, არ მოვახდინოთ ზემოქმედება, ვინაიდან ეს აკრძალული ქმედებაა. მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს გამოეხმაურონ ამ საკითხს და მიმართონ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ამ წუთას დაკავებული არიან სარჩევნო უფლების ხელყოფის მცდელობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან ხმაური და დაპირისპირებაა.