ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა გახდა ბაღებში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი – ოზურგეთის მერიის განცხადება

ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, ოზურგეთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების საკვები პროდუქტებით მოწამვლა გამოირიცხა. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა განცხადება. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს წყლის გამოკვლევა, რომლის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„თემის სიმწვავიდან და აქტუალობიდან გამომდინარე ვეხმაურებით ოზურგეთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების საკვებით ინტოქსიკაციის საკითხს. ვაქვეყნებთ ოფიციალურ დოკუმენტებს, რომლებითაც დასტურდება, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვების მოწამვლა კვების პროდუქტებს არ გამოუწვევია, რაზეც აპელირებდა ზოგიერთი მედიასაშუალება და რამაც აღსაზრდელების მშობლებისა და საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა კვების ყველა პროდუქტს და ინვენტარს. მიმდინარეობს წყალზე დამატებითი, ფართო სპექტრის კვლევაც, რომლის შედეგებსაც უახლოეს დღეებში გაგაცნობთ. გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება, რომ ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი კანონმდებლობის და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით შედის“ – ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

ცნობისათვის, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან მეორე დღეს, 16 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 200-მდე აღსაზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდა. აღნიშნულის გამო ოზურგეთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეწყდა.

იტვირთბა....