ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არის თუ არა კორონავირუსი ყველასთვის გადასატანი ვირუსი – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსი სახადად ვერ განიხილება, მისი თქმით, ეს არაადამიანური მიდგომაა.

როგორც ზახაშვილმა აღნიშნა, ყველა კორონავირუსს ვერ მოიხდის, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

“იმ ქვეყნებს, რომლებმაც სცადეს ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების პრინციპით ევლოთ, აშკარად არ გაუმართლათ, ამ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ბევრად უფრო დიდი დანაკარგი მოჰყვა და შედეგი არ მოუტანია . მაშინ, როდესაც ჯოგურ იმუნიტეტზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, ეს ტერმინია, რომელიც ვეტერინარიიდანაა ნასესხები და ჯანდაცვაში გადმოტანილი. ამ ტერმინის პირდაპირი გადმოტანა მთლად მართებული არ არის. ვეტერინარების კონცეფცია ჯოგური იმუნიტეტის შესახებ გულისხმობს, რომ ეს არის იმუნიტეტი ჯოგში, ცხოველთა რაღაც ჯგუფში, რომელსაც არ აქვს შეხება სხვა ჯგუფთან. ეს არის ერთიანი ეკოსისტემა, რომელშიც შეიჭრება რაიმე დაავადების გამომწვევი, გამოიწვევს ნაწილი ცხოველების დახოცვას, ნაწილი გადაიტანს და ჩამოუყალიბდება იმუნიტეტი, ნაწილი კი არ გადაიტანს და არც ექნება იმუნიტეტი. ჯოგში შემდეგ თაობას არავის არ აქვს იმუნიტეტი, ანუ თანდაყოლილ იმუნიტეტს ეს რაღაც არ იწვევს. ცხოველებისგან და ჯოგისგან განსხვავებით კი, ადამიანები არასოციალური არსებები არ არიან, რომლებსაც შეხება ვერ ექნებათ სოციუმთან და თუ წარსული გამოცდილების რამდენიმე ელემენტს გავიხსენებთ, როგორ ჩაიარა შეკრულ საზოგადოებაში რომელიმე დაავადების აფეთქებამ, რომელსაც სხვა სოციუმთან შეხება არ ჰქონდა, მართლაც ასეთი სურათი იყო. თუ წარმოვიდგენთ, რომ საზოგადოება კუნძულზე ცხოვრობს, შეზღუდული რაოდენობით და მასში არავინ შედის და გამოდის, იქ რომ გავრცელდეს კოვიდი, ნაწილს მოკლავს, ნაწილი გადაიტანს და ალბათ დარჩება იმუნიტეტი და გაჩერდება დაავადება. კუნძულზე მაცხოვრებთა შორის ნაწილი დარჩება, რომლებსაც არც გადაუტანია და არც შეხებია დაავადება. როგორც კი მიგრაცია დაიწყება, იგივე განმეორდება. სწორედ აქ არის ამ დაავადების მთელი არსი და ვერაგობა. ეს დაავადება სახადად ვერ განიხილება. ყველა კორონავირუსს ვერ მოიხდის, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ჩემი მრწამსით თუ საზოგადოების წევრობით, ვთვლი, რომ ეს არაადამიანური მიდგომაა იმიტომ, რომ ამის უკან დგას წართმეული სიცოცხლე, რომელიც უპირველესი კატეგორიაა და არ შეიძლება ჩემი გადარჩენის ხარჯზე, სხვისი სიკვდილის ალბათობა განვიხილო. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ასე არ უნდა წავიდეს საზოგადოება. დღეს როდესაც ირჩევენ გზას, რომ როგორმე შეაჩერონ დაავადების სწრაფი გავრცელება, სწორედ იმ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისთვისაა ეს მიმართული”, – განაცხადა ზახაშვილმა.

იტვირთბა....