ვირუსის ფართოდ გავრცელების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათიდან აღარ იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ამ დრომდე სოციალურ ღონისძიებებში 10-კაციანი შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
“ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე. რა თქმა უნდა, გარდა ამისა, მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეის მდგომარეობით უკვე ეს შეზღუდვა მოქმედებს. ჩვენ გვაქვს შეზღუდული იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და მსგავსი სოციალური სუფრები, მათი სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია 10 კაცამდე. კვლავ შევახსენებ მოსახლეობას და გთხოვთ, დავიცვათ ეს შეზღუდვა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისტვის, ამ დრომდე თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში რესტორნების მუშაობა 22:00 საათიდან იყო შეზღუდული.