ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ კი ოპოზიციის მიზანი ამ იმიჯის შექმნაა, ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება”- დევიდ ქრეიმერი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ ქრეიმერი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ ერთპარტიული სახელმწიფო დემოკრატიასთან არ ასოცირდება. ამის შესახებ დევიდ ქრეიმერიმ “ფორმულასთან” განაცხადა.

ქრეიმერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტში მხოლოდ “ქართული ოცნება” შევა, ეს დასავლეთში საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ იქნება.

მისივე თქმით, ეს მხოლოდ გააძლიერებს მმართველ გუნდს და არ გახსნის პროცესს, რომელიც ოპოზიციას მეტ შესაძლებლობას მისცემს.

“არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის და დასავლეთში მისი იმიჯისთვის. ერთპარტიული სახელმწიფო, როგორც წესი, დემოკრატიასთან არ ასოცირდება. თუ კი ოპოზიციის მიზანი ამ იმიჯის შექმნაა, ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. იმედია, ოპოზიცია და ქართული ოცნება იპოვნიან გზას, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ ქვეყანა დემოკრატიის გზაზე რჩება. ეს ორივე მხრიდან გარკვეულ კომპრომისს მოითხოვს”, – განაცხადა ქრეიმერმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მაჟორიტარულ ოლქებში პირველი ტურით გაიმარჯვა 14-მა კანდიდატმა, ყველა მათგანი მმართველ პარტიას წარმოადგენს. მეორე ტურები გაიმართება დანარჩენ 16 ოლქში.

იტვირთბა....