ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარლამენტში არ შესვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა, არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება”- ჩუგოშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები. ამის შესახებ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, ვიდრე ოპოზიციური პარტიები იტყვიან, რომ არჩევნების შედეგები არ ითვლება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მონაცემები სწორად იყოს დათვლილი.

„2 მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო ან გადაითვალოს ის უბნები, ან გაბათილდეს იმ კონკრეტულ უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს“,- წერს ჩუგოშვილი.

ამასთან, ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტში არშესვლა ოპოზიციის მხრიდან შეცდომა იქნება.

„პარლამენტში არ შესვლა კი, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება. არ შეიძლება ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა). დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული, ვიდრე ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე ოდესმე. ამ ყველაფრის გამოყენების ნაცვლად უბრალოდ იმის თქმა, რომ არ ითვლება 31 ოქტობრის დღე, მძიმე შეცდომა იქნება“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

იტვირთბა....