ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატის ცემის ბრალდებით პოლიციის უფროსი დააკავეს

პროკურატურამ ადვოკატ  გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დააკავა. პროკურატურამ ასევე  განცხადება  გაავრცელა, რომელშიც განმარტავს, რომ კვირკვაია სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ბრალდებით  დააკავეს.

“საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის  სახით დაკავებულია შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით.  გამოძიების ფარგლებში, უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში  მდინარაძის მონაწილეობით.  დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბილოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები.

პროკურატურა  გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში დაკავებულისთვის ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართვას, რის შემდეგაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ.

ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ადვოკატი გიორგი მდინარაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში სცემეს.

იტვირთბა....