შესწორება:
მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ინტერნეტ-გაზეთ “მეტრონომში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ან ვიწყებთ დაუმორჩილებლობას, ან ხდება სახელმწიფო გადატრიალება”.
აღნიშნულ მასალაში მოტანილი იყო პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძის ციტატა, რომლის გამოყენება მოხდა სხვადასხვა, ახალი ამბების სააგენტოებზე გამოქვეყნებული, იგივე შინაარსის ტექსტზე დაყრდნობით. საბოლოოდ, კონტექსტიდან ამოღებული აღმოჩნდა რამდენიმე სიტყვა, რამაც შეცვალა შინაარსი და “მეტრონომი” აღმოჩნდა არასწორად გავრცელებული ინფორმაციის მსხვერპლი.
“მეტრონომის” რედაქცია წუხილს გამოთქვამს მომხდარი გაუგებრობის გამო და ბოდიშს უხდის, როგორც მკითხველს, ასევე აღნიშნული ციტატის ავტორს, რომელიც უნდა ყოფილიყო შემდეგნაირად: “ან ვიწყებთ დაუმორჩილებლობას ქვეყანაში, იმიტომ, რომ სახელმწიფო გადატრიალება ხდება, ან ბოიკოტირებას ვიწყებთ ყველაფრის”.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ უცნაური არჩევნებია, ოპოზიციამ მოიგო არჩევნები, მაგრამ ხელისუფლებას იქითკენ მიყავს, რომ ეს არჩევნები მათ წაგებად ჩაეთვალოს
“მივმართავ პოლიტიკურ სპექტრს, გამოდით მდგომარეობიდან დროზე, გამოფხიზლდით, ქვეყანა არის ჩასაბარებლად გამზადებული რუსეთისთვის. ხვალ დილიდანვე ოპოზიცია გამოფხიზლდეს, შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. ორი მიმართულებაა ან ვიწყებთ დაუმორჩილებლობას, ან ხდება სახელმწიფო გადატრიალება. პოლიტიკოსებო სად ხართ, გამოფხიზლდით“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საქართველოს მაშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00-ზე საათზე შეწყდა. ეგზიტპოლების პირველადი შედეგების თანახმად კი საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 55% მოიპოვა.
ცესკოს დღევანდელი შედეგების თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით “ქართული ოცნება” გავიდა. უწყების ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევა. თუმცა, აღნიშნული შედეგით უკმაყოფილებას ოპოზიციური პარტიები გამოთქვამენ და ცენტრალური საარჩევნოს კომისის მიმართ უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რაზეც ცესკოს თავჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდებები აბსურდულია.