საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება საარჩევნო უბნებზე და დაიცვან ისინი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისგან.
ამის შესახებ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს:
„ონალინგამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანთან მათ ჟურნალისტ, მინდია გაბაიძეს, რომელიც ეზოში მომხდარ დაპირისპირებას იღებდა, მოქალაქემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოქალაქემ ჟურნალისტს ფეხი დაარტყა, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლის მობილური ტელეფონი დავარდა და დაზიანდა.
ამავე უბანზე ფიზიკური დაზიანება მიიღო ტელეკომპანია პირველი-ს ჟურნალისტმა ანა ახალაიამ. მისი თქმით, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა. ამავე ტელეკომპანიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან სამგორის ოლქშიც.
ონლაინგამოცემა On.ge-ს განცხადებით, მარნეულის მეთოთხმეტე უბანზე ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა მათ ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა“, – აცხადებენ ქარტიაში.