ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო ჯღარკავასთან, რომელიც თითს ელისო კილაძისკენ იშვერს

ყალბია თუ არა ჯღარკავასა და ბედუკაძის მიმოწერა?

2012 წლით დათარიღებული სკანდალური ფეისბუქ-მიმოწერის სქრინები, რომლებიც სავარაუდოდ ციხის კადრების ავტორს, ვლადიმერ ბედუკაძესა და „ობიექტივის“ ყოფილ ჟურნალისტს, ნინო ჯღარკავას შორის საუბარს ასახავს, პირველად წელს, 25 ოქტომბერს გახდა საჯარო. მიმოწერა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ეკა კვესიტაძის საავტორო გადაცემაში „განსხვავებულ აქცენტებში“ აჩვენეს. სქრინები, საიდანაც ირკვევა, რომ ციხის კადრების სანაცვლოდ ბედუკაძეს სოლიდური ანაზღაურება უნდა მიეღო, გადაცემის ავტორს ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ მიაწოდა.

გადაცემის გასვლამდე ერთი დღით ადრე მიმოწერის ერთ-ერთმა სავარაუდო მონაწილემ, ნინო ჯღარკავამ პროკურატურას მიმართა განცხადებით, რომ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’-ის ეთერით, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ მისი და ვლადიმერ ბედუკაძის სახელით  ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებით ყალბი მიმოწერა ვრცელდებოდა. მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა მის „ფეისბუქი“-ს პროფილზე უკანონო წვდომას.

აღსანიშნავია, სქრინშოთების გადაცემის ავტორისთვის მიმწოდებელს, ლაშა ბერულავას და არც თავად ეკა კვესიტაძეს დარწმუნებით არ უთქვამთ, რომ მიმოწერა ნამდვილია. რამდენიმე კვირის წინ „მეტრონომისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლაშა ბერულავამ თქვა, რომ მიმოწერის ავთენტურობის დადასტურებით, თავად ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული, რადგან სქრინების მომწოდებლის კვალს ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობამდე მიჰყავდა და მასალის ნამდვილობის დადასტურება კიწმარიშვილის უცნაურ დაღუპვასთან დაკავშირებულ ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს.

პროკურატურამ ნინო ჯღარკავას განცხადების საფუძველზე მოკვლევა ოპერატიულად დაიწყო. მოწმეებად დაიკითხნენ: ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელსაც ეს მიმოწერა ფეისბუქის ანონიმურმა მომხმარებელმა მიაწოდა, სავარაუდოდ მიმოწერის მონაწილე ვლადიმერ ბედუკაძე და ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც 25 ოქტომრის გადაცემაში კვესიტაძის ერთ-ერთი რესპონდენტი იყო. ცხადია დაიწყო სქრინშოთების კვლევაც.

გუშინ კი პროკურატურამ მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა – დასკვნის მიხედვით, სქრინშოთები ყალბია:

“იმისათვის, რათა დადგენილიყო, განცხადებასა და წარმოდგენილ მასალებში იკვეთებოდა თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რაც გულისხმობს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას, გამოიკითხნენ ხსენებულ ფაქტთან კავშირში მყოფი პირები. შედეგად დადგინდა, რომ ტელევიზიით გასული ხსენებულ პირებს შორის მიმოწერა არის ყალბი და ამის დადგენა სრულიად მარტივად იქნებოდა შესაძლებელი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“.

არის თუ არა საკმარისი ის სამუშაო, რაც პროკურატურამ მიმოწერის გამოსაკვლევად და მისი ავთენტურობის დასადგენად ჩაატარა, ამაზე ჩვენ ცალკე მასალას შემოგთავაზებთ.

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ „მეტრონომი“ „ობიექტივის“ ყოფილ ჟურნალისტს ნინო ჯღარკავას დაუკავშირდა, რომლის განცხადების საფუძველზეც ჩატარდა მოკვლევა. მანამდე ცოტა ხნით ადრე ჯღარკავამ დაანონსა, რომ ხვალ, 13 ნოემბერს ბრიფინგის გამართვა და გაყალბებული მიმოწერის შემქმნელი სავარაუდო პირების ვინაობის გამხელა ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა „ობიექტივის“ ყოფილმა ჟურნალისტმა ჩვენთან ინტერვიუში მაინც ისაუბრა, თუ ვისზე ჰქონდა ეჭვი; ასეთ პირად მან ჟურნალისტი ელისო კილაძე დაგვისახელა და თქვა, რომ კილაძემ მიმოწერის საშუალებით „ობიექტივის“ სხვა წევრებისგან მისი /ჯღარკავას/ გამიჯვნა სცადა. ნინო ჯღარკავას ინტერვიუს, სადაც „ობიექტივის“ ყოფილი ჟურნალისტი ვრცლად ესაუბრა „მეტრონომს“ მიმოწერაზე და ზოგადად ბედუკაძესთან მისი ნაცნობობის აქამდე უცნობ დეტალებზე ესაუბრა:

ნინო ჯღარკავა: „ობიექტივისგან“ ამ კადრების /ციხის კადრების/ გამიჯვნა პირველ რიგში იმ ადამიანებს აინტერესებდათ, ვინც ამ კადრების გმირად მოიაზრებოდა. სამი წლის მანძილზე როცა აღიარებ, რომ ისიც შენია და ესეც შენია, სამი წლის თავზე კი კეთდება განსხვავებული, გადატრიალებული გადაცემა, თანაც „რუსთავი 2“-ზე და რომლის უჩინარი რეჟისორი და სცენარის ავტორი ყველამ კარგად ვნახეთ ვინ იყო – ქალბატონი, რომელიც იქ შიგადაშიგ ინტერვიუებს აძლევდა /იგულისხმება ელისო კილაძე – „მეტრონომი/ და რომელსაც არასოდეს არავითარი კავშირი არ ჰქონია 2011-12 წლებში ციხის კადრებთან; ელისო კილაძეს ვგულისხმობ, რომელიც შიგადაშიგ კომენტარს უკეთებდა ამ გადაცემას – ელისო არის იქ ფაქტიურად მამოძრავებელი, რეჟისორული ხელი.

მ.: ვარაუდობთ, რომ მიმოწერის გაყალბებასთან ელისო კილაძეს აქვს კავშირი?

ნ. ჯ.: ბრალს ვერავის წავუყენებ, მაგრამ ჩემი ვერსიით ასეა – ვერსია ყველას გვაქვს ხომ? თქვენც რომ იყოთ, ალბათ იფიქრებდით, რატომ დასჭირდა მოწმენდილ ცაზე ვიღაცას ჩემი გახვევა /ამ ამბავში/. ლოგიკურად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ორი წლის განმავლობაში გაუთავებლად რომ გებრძვის ადამიანი – და ამას პერმანენტულად აკეთებდა ეს ქალი – ჩემთვის ვფიქრობ, არის თუ არა ეს ადამიანი კავშირში ამ მიმოწერასთან. ფინალში, ჩემი ვარაუდით, აღმოჩნდა, რომ ეს ქალი დგას ჩემს მეგობრებთან /იგულისხმება „ობიექტივის“ წევრები/. თუმცა იგივე მეგობრები, „ობიექტივის“ წევრები, ორი წლის წინ მიმტკიცებდნენ, რომ ელისო კილაძეს მათთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ახლა კი, ორი წლის მერე ირკვევა, რომ ელისო კილაძე დღისით „რუსთავი 2“-ს იცავს, ღამით – ირმა ინაშვილს. რა ლოგიკაში ჯდება ეს? ყველამ იცის, რომ ინაშვილი კატეგორიულად ემიჯნება „რუსთავი 2“-ს.

სიმართლე გითხრათ, მე ის უფრო მაწყობდა, რომ მიმოწერა ყალბი არ ყოფილიყო – ნამდვილი რომ ყოფილიყო, სისხლის სამართლის საქმე მიმოწერის კონფიდენციალურობის დარღვევის მუხლით აღიძვრებოდა  და ციხეში წავიდოდა ის ადამიანი, ან ადამიანები, ვინც ეს გაახმოვანა.

მ.: ნამდვილი რომ ყოფილიყო, თქვენთვის ხომ უფრო საზიანო იქნებოდა?

ნ. ჯ.: თანახმა ვიყავი, რომ ნამდვილი ყოფილიყო, იმდენად დავიღალე ამ ადამიანებთან უაზრო ბრძოლით, მაგრამ არ არის ნამდვილი. მე მაქვს ნამდვილი მიმოწერა /ლადო ბედუკაძესთან/.

მ.: რატომ არ გამოქვეყნეთ აქამდე მიმოწერა, რომელიც თქვენ გქონდათ?

ნ. ჯ.: ჯერ ერთი ის, რომ ეს მიმოწერა, საერთოდ ვერ აღმოვაჩინე /აქამდე/, იმიტომ რომ ლადო ბედუკაძე ხან დაბლოკილი მყავდა, ხან რას არ ვაძახებდი. ახლახანს დამიმეგობრდა /ფეისბუქზე/ – ბოდიში რომ მომიხადა „ობიექტივის“ ეთერში, შარშან. მე პროკურატურაში, დაკითხვაზე ყოფნისას აღმოვაჩინე ეს მიმოწერა, როცა გამომძიებელმა საუბრისას მკითხა, როდის მქონდა ბედუკაძესთან რეალურად მიმოწერა. არ ვიცი-მეთქი. იქვე შევედი ფეისბუქზე, წაშლილი არ მქონია. პროკურატურაში, გამომძიებლის და ჩემი ადვოკატის თანდასწრებით ვნახეთ. მაშინ მთხოვა გამომძიებელმა, რომ ეს ჯერ არ გამომეყენებინა, რადგან ძიება მიდიოდა და იქვე დაასქრინშოთა /გამომძიებელმა/.

მ.: ანუ, ლაპარაკია 2012 წლის მიმოწერაზე…

ნ. ჯ.: 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს – ეს იყო პირველი საუბარი. სექტემბერში, როცა ესენი ამბობენ, რომ მიმოწერა მქონდა, მე ლადოს არ ვიცნობდი. 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს იწყება პირველი მიმოწერა, როდესაც ერთმანეთის შეურაცხყოფით ვიწყებთ – „რა გინდა, ლადო, შენს ცოლ-შვილს ვპატრონობდი და შენ მადლობის მაგივრად მლანძღავ?!“ – აი ასე იწყება. ის მეუბნება: „მე საერთოდ არ გიცნობ.“ობიექტივმა“ რაც გამიკეთეთ..“ და იქ შეურაცხყოფას მაყენებს. მე რა შუაში ვარ-მეთქი ვუთხარი.

მ.: მანამდე არ იცნობდით და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა?

ნ. ჯ.: ინტერვიუს გამო მოხდა. 2012 წლის სექტემბერში სტამბოლში ვიყავი და 3 ოქტომბერს თბილისში რომ ჩამოვედი, „ალიაში“ გამოქვეყნებული გელა ზედელაშვილის სტატია დამხვდა, სადაც ლადო ბედუკაძე წერს, რომ ჩემი ცოლ-შვილი „ობიექტივის“ ჟურნალისტებს – ნინო ჯღარკავას და ნინო რატიშვილს ტყვეობაში ჰყავსო. ამან გამამწარა – როცა საკუთარ შვილს ტოვებ აქ, იმ პერიოდში, მიდიხარ სხვისი /ბედუკაძის/ შვილების მოსავლელად და არ იცი, აქ რა მოხდება – გაიმარჯვებენ 2012 წელს თუ ვერ გაიმარჯვებენ. სექტემბერში მე მაგ იმედით არ წავსულვარ – წავედი იმიტომ, რომ იმ გოგოს /ბედუკაძის მეუღლეს/ სტამბოლში მარტო ყოფნის ეშინოდა.

მ.: ანუ მაშინ ბედუკაძის მეუღლეს იცნობდით?

ნ. ჯ.: არა, საიდან ვიცნობდი. ირმა ინაშვილმა დამირეკა ბელგიიდან, სტამბოლში უნდა წახვიდეო და წავედი. ამ შემთხვევაში ყველაფრის რეჟისორი ირმა ინაშვილი იყო, ის განსაზღვრავდა. ლადო ბედუკაძე ბელგიაში, გვერდით ჰყავდა მე კი სტამბოლში, მის ცოლ-შვილთან ვიყავი. აბა, მე რატომ მიმეწერა, 27 ათასს გიგზავნი და ირმას ფულია-მეთქი? ეს ხომ ლოგიკაში არ ჯდება. ფეიქი ვინც გააკეთა, ეს სიბინძურე შეგნებულად ქნა. კიდევ ვამბობ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მე არ ვადანაშაულებ ამ ფეიქის გაკეთებაში – არ ვარ ის ადამიანი, რომ ვინმეს ჩირქი მოვცხო.

მ.: ანუ, ეკა კვესიტაძეც შეიძლება მოტყუებულიყო?

ნ. ჯ.: არა, დარწმუნებული ვარ, კვესიტაძემ ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა – კვესიტაძემ ზუსტად იცოდა, რომ ეს /მიმოწერა/ „ფეიქი“ იყო, ისევე როგორც ლაშა ბერულავამ. ვიცოდი ლაშა მხარეა და არასოდეს დაუმალავს, “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირი, მიუხედავად ამისა, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლაშა ბერულავას ჩემს მიმართ რამე სიბინძურეზე ხელის მოწერა შეეძლო. როცა გულით მითხრა /ლაშა ბერულავამ/, რომ ნინო, მე ამას არ გამოვიყენებ, მგონი ფეიქიაო და ერთი წლის მერე ამას სკანდალური მიმოწერის სახე ეძლევა – პატარა ბავშვიც მიხვდება, რომ ეს დადგმული იყო. ელისო კილაძე ლადო ბედუკაძესთან გადასარევ ურთიერთობაში იყო და ეს ყველამ იცის. ბელგიაში მყოფი ბედუკაძე უკავშირდება მაშინ ვინმე ელისო კილაძეს, რომელსაც მაშინ არც გაზეთი ჰქონდა და არც არაფერი, რაღაც არასამთავრობოს გარდა. მე იმას ვხედავდი, როგორ აგინებდა /კილაძე/ ირმა ინაშვილს სოციალურ ქსელში და ამას ყველა ადევნებდა თვალყურს. ამიტომ დაუკავშირდა კილაძე ლადო ბედუკაძეს, რომ ირმას წინააღმდეგ ერთად დაეწყოთ ბრძოლა და დაიწყეს კიდეც.

shida

ლაშა ბერულავა ნინო ჯღარკავასთან ერთად. (ფოტო ნინო ჯღარკავას ფოტოარქივიდან)

მ.: რატომ უნდა სდომებოდა მაშინ ბედუკაძეს ინაშვილთან დაპირისპირება?

ნ. ჯ.: მაშინ იქ, ბელგიაში მყოფ ბედუკაძეს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ინაშვილმა ამ კადრებში მილიონები აიღო და შენ მოგტეხესო. აი, ეს იყო. მერე ამას უკვე აქედან მიმოწერით უმაგრებდა ზურგს კილაძე – აი, მე შენს გვერდით ვდგავარ, „ობიექტივმა“ გადაგაგდო და მოდი, ერთად ვიყოთ, ერთად ვებრძოლოთო. და დაიწყო ეს ბრძოლა.

მ.: რაში გადააგდეს ბედუკაძე, რაში იღებდა ფულს?

ნ. ჯ.: არ ვიცი. ნამდვილად არამგონია, რომ „ობიექტივს“ ფული აეღო ამ კადრებში. ვინ გადაუხდიდა ამ ფულს? ირმა ინაშვილი ამბობდა, რომ 2011 წლის მაისში ჰქონდა ეს კადრები, ბიძინა კი 2011-ის ოქტომბერში გამოჩნდა.

მ.: მაშინ რატომ გაუჩნდა ბედუკაძეს ინაშვილთან პრეტენზია?

ნ. ჯ.: ბედუკაძეს მაშინ უთხრეს, რომ თუ ერთი, სამი, ან ათი მილიონი აიღო ირმა ინაშვილმა, შენ არაფერი გადაგიხადეს, როგორც კადრების გამომტანსო – ეს ჩაუდეს მაშინ ბედუკაძეს კოდად.

მ.: ანუ ბედუკაძე რაღაცას მაინც ელოდა, რაღაც კომპენსაციას…

ნ. ჯ.: არ ვიცი, ეს შეგიძლიათ თვითონ ბედუკაძეს ჰკითხოთ.

(ჩვენ დავუკავშირდით ბედუკაძეს, თუმცა მან ინტერვიუზე უარი გვითხრა)

ნინი ჯღარკავასთნ საუბრის შემდეგ კომენტარისთვის “მეტრონომი“ ჟურნალისტებს ელისო კილაძეს, ეკა კვესიტაძეს და ლაშა ბერულავასაც დაუკავშირდა:

ელისო კილაძე: ჯღარკავა რას ფიქრობს, ჩემთვის სრულიად უინტერესოა. პროკურატურამ გარკვევით თქვა, რომ ეს მასალა არის გაყალბებული. დასახელებულია პირი, რომელმაც მასალა კვესიტაძეს მიაწოდა და ეს არის ლაშა ბერულავა. მე პროკურატურაში დამკითხეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ვთქვი, რომ არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია ამ ამბავთან. ნინო ჯღარკავა ჩემთვის ღრმად უინტერესო პიროვნებაა და მასთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია არ მაინტერესებს. ასევე პროკურატურამ გარკვევით თქვა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დაიწყება და ჯღარკავას შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ასე რომ, მე ვერაფერს დავამატებ იმას, რაც ოფიციალური ვერსიით პროკურატურის გუშინდელ განცხადებაში წერია.

მ.: ნინო ჯღარკავა ამბობს, რომ თქვენ ორი წლის განმავლობაში მასთან უთანხმოება გქონდათ…

ე. კ.: არ მაინტერესებს ჯღარკავა რას ბოდავს. პროკურატურამ უკვე ჩაატარა მოკვლევა და თქვა, რომ გამოძიება აღარ იქნება და თუ მას /ჯღარკავას/ რამე მტკიცებულებები აქვს ჩემთან დაკავშირებით, შეუძლია განმეორებით მიმართოს გამოძიებას.

პროკურატურის დასკვნის თაობაზე, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ „მეტრონომთან“ საუბარში თქვა, რომ ამ დასკვნას სერიოზულად ვერ აღიქვამს:

ეკა კვესიტაძე: პროკურატურის განცხადებას სერიოზულად ვერ აღვიქვავ. თუ სერიოზული გამოძიების წარმოება უნდოდათ, შეეძლოთ, როგორ მინიმუმ, ექსპერტიზა გაეკეთებინათ – იმიტომ რომ, მე მათ ვთხოვე, ექსპერტიზაზე გაეგზავნათ ეს ჩანაწერები. მეორე და ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაეკეთებინათ, ის იყო, რომ FBI-ს უნდა დაკავშირებოდნენ, რომ მათ ფეისბუქთან გაეწიათ შუამდგომლობა და იმათ დაედასტურებინათ, ეს სქრინები ნამდვილი იყო თუ ყალბი. არათუ ფეისბუქის ცენტრალურ ოფისს არ მიმართეს, ექსპერტიზაც არ გაუკეთებიათ. ასე რომ, იმას, რაც პროკურატურამ დაწერა, სერიოზულად ნამდვილად ვერ განვიხილავ. მე თვითონ მივმართავდი ფეისბუქს, მაგრამ ამის უფლებამოსილება არ მაქვს – ეს სახელმწიფო სტრუქტურამ უნდა გააკეთოს, მათ გარდა არავის აქვს ამის უფლება. მხოლოდ მათ შეუძლიათ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე ფეისბუქის ცენტრალური ოფისიდან მიიღონ ეს პასუხი. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ამის გაკეთება, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი.

მეტრონომი ასევე დაუკავშირდა უცხოეთში მოღვაწე ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს, რომელიც ასევე იყო ნახსენები ეკა კვესიტაძის ცნობილ ჯურნალისტურ სიუჟეტში.

მეტრონომი:  პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ მიმოწერა ყალბია, რაც თქვენ თქვით კიდეც რამდენიმე ხნის წინ ჩვენთან ინტერვიუში. როგორც გგონიათ, ვის დასჭირდა ამ დიალოგის გაყალბება და რა მიზანი ჰქონდა მას?

გიორგი ფოფხაძე:  “მე ნამდვილად ვერ ვიტყვი ვის დაჭირდა ამ ფალსიფიცირებული მომოწერის ამოღება და ნინო ჯღარკავს მისამართით ტალახის სროლა მაგრამ, ფაქტია რომ, ქალბატონმა კვესიტაძემ ელემენტარულად არ გადაამოწმა ის რაც მას მისცეს, როგორც დამადასტურებელი დოკუმენტი. ძნელია ეხლა ილაპარაკო, ვერ გადაამოწმა თუ სპეციალურად არ გადაამოწმა მაგრამ, ფაქტია რომ, საქართველოში სამწუხაროდ ჩვენი კოლეგები არც თუ იშვიათად, ნებსით თუ უნებლიედ ხდებიან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამავრცელებლები და ჟურნალისტიკის ელემენტარული აქსიომა ავიწყდებათ. ინფორმაცია არის დაზუსტებული თუ: ა) ჟურნალისტმა საკუთარი თვალით იხილა და მოვლენის მომსწრე იყო. ბ) როდესაც ინფორმაციის უტყუარობა გადაამოწმა ყველაზე ცოტა ორი სხვადასხვა წყაროდან და ყველაზე საინტერესო პუნქტი გ) თუ მოპოვებულ საეჭვო მასალას და დოკუმენტაციას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარა. ამიტომ მე, პირველ რიგში, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ ამ ნებსით თუ უნებლის ჟურნალისტურ “ლაფსუსზე” ვისაუბრო და არა იმაზე, ვის დაჭირდა ამ ფალსიფიკაციის “აპრიორ სიმართლედ” გასაღება.

ლაშა ბერულავა: ჩემთვის უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა /პროკურატურის დასკვნის შემდეგ/. თუ აქამდე 50/50-ზე მქონდა ეჭვი ამ მიმოწერის ავთენტურობის თაობაზე, ახლა, როცა ექსპერტიზის დასკვნა არ მოჰყვა მოკვლევას, უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შესაძლოა პროკურატურა სინამდვილეში ამ მიმოწერის ავთენტურობის დადგენით დაინტერესებული არ არის. იმიტომ, რომ მერე, ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს იმაზე, რაზეც მიმოწერაში საუბრობენ – ანუ ჯღარკავაც უნდა დაკითხოს უკვე არსებით საქმეზე, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რაზეც ისინი მიმოწერაში საუბრობდნენ.

„მეტრონომი“.: უბრალოდ ეზარება პროკურატურას საქმის აღძვრა თუ რამე სხვა მიზეზია?

ლ. ბ.: ალბათ, არ უნდათ. იმიტომ რომ, ამას სხვადასხვა პირების ჩართვა მოჰყვება. იქ ივანიშვილიცაა ნახსენები და ივანიშვილიც უნდა დაკითხონ. რა თქმა უნდა, ამას თავს არიდებენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვრცელ მასალას მიმოწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

“მეტრონომმა” უკვე დილით გამოაქვეყნა მცირე ინფორმაცია ჯღარკავა-ბედუკაძის მიმოწერის თემასთან დაკავშირებით, რომელშიც ჯღარკავა ვარაუდის დონეზე თითს იშვერს ჟურნალისტ ელისო კილაძისკენ. ამან კი რა თქმა უნდა, კილაძის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც დააფიქსირა კიდეც მან თავის უოლზე. ასევე საკუთარ უოლზე ჯღარკავამაც რამდენიმეჯერ მიმართა კილაძეს. (იხილეთ ქვევით თანდართული ფოტოები)

ამ უკანასკნელს პრეტენზიები გაუჩნდა “მეტრონომის” რედაქციის მიმართაც. მან განაცხადა, რომ 20-წუთიანი ინტერვიუ მისცა “მეტრონომს” და  რედაქციამ სრული ტექსტი არ გამოაქვეყნა. ჩვენ ზემოთ, უკვე შემოგთავაზეთ მისი მცირე ინტერვიუ სრულად და ჩვენი დათვლით იგი 2.33 წუთიანია.

2   5

3    1

4

 

                                                                                                                        ლალი სურამელი

იტვირთბა....