ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კოვიდ-19-ის სიმპტომები გამოჯანმრთელებულ პაციენტებში დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ კოვიდ-19-ის სიმპტომები გამოჯანმრთელებული პაციენტების ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტედროს ადანომ გებრეისუსმა განმარტა, რომ საუბარი ისეთ სიმპტომებზე როგორიც არის დაღლილობა, ხველა, სუნთქვის გართულება, ანთება და ძირითადი ორგანოების, მათ შორის ფილტვებისა და გულის დაზიანება.  ჯანმო-ს ხელმძღვანელის აზრით, COVID-19- ისგან სრულ აღდგენას, შესაძლოა, რამდენიმე კვირა და თვე დასჭირდეს. მისივე თქმით, ჯანმო აპირებს დამატებითი კვლევების ჩატარებას, რათა შეიმუშაოს “მკურნალობის საუკეთესო სტანდარტები, რომლებიც მიზნად ისახავს პაციენტის გამოჯანმრთელების დაჩქარებას და გართულებების პრევენციას”.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობებმა აღიარონ COVID-19-ის გრძელვადიანი ეფექტი და უზრუნველყონ, რომ ყველა პაციენტმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

”რეალურ შეშფოთებას იწვევს სიმპტომების ფართო სპექტრი, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლება და ხშირად უფრო მძიმდება. მათ შესაძლოა გავლენა იქონიონ ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერ სისტემაზე” – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

 

იტვირთბა....