ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

გვარამია ბრუნდება

სისხლის სამართლის შესაძლო დამნაშავეობიდან გენერალურ დირექტორობამდე

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით დვალის “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე 5 ნოემბრის განჩინების გაუქმების პარალელურად, ტელეკომპანიის ყოფილ მენეჯმენტს უფლებამოსილება აღუდგა. ამის თაობაზე ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. “რუსთავი 2”,-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარაამიას განცხადებით, მას უფრო მყარი გარანტიები სჭირდება და ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“მეტრონომი” თბილისის საქალაქო სასამართლოს ძმები ყარამანიშვილებისა და შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წარმომადგენლების საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული განცხადების მიხედვით:

“თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს “ტელეკომპანია საქართველოს”” წარმომადგენლების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებასთან დაკავშირებით, ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე.
სასამართლომ საჩივრის განხილვისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებებით მოსარჩელე ქიბარ ხალვაშმა დააფიქსირა პოზიცია _ სასამართლო დავების მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, დავით დვალისათვის შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″”-ის წილის ნაწილის გადაცემის თაობაზე.
ამ გარემოების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების ნაწილი დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დარჩა.
დროებითმა მმართველებმა – დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა, სასამართლოში წარმოადგინეს თავიანთი პოზიცია, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ მათი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქმნება ვაკუუმი შპს “”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის”” საქმიანობაში, რადგან წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს “”ტელეკომპანია საქართველოს”” წარმომადგენლების საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს- ყოფილ მენეჯმენტს.
აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – ნათქვამია უწყების გაანცხადებაში.

გვარამიას განცხადებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დღევანდელი განჩინება არის ხრიკი საკონსტიტუცო სასამართლოს შეცდომაში შესაყვანად. “ეს არის სრული სამართლებრივი დომხალი რასაც ურთმელიძე და სასამართლო სისტემა აკეთებს დაკვეთით”, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს – უკვე აღარ არის ზიანის საფრთხე და შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს დაუსაბუთონ, რომ ნორმები არ უნდა შეჩერდეს, იმიტომ, რომ პრობლემა ამოწურულია.

P.S.  ნამდვილად უცნაურია ეს გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრის წულუკიანის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, მოსალოდნელი მოვლენებიდან გამომდინარე, გვარამია შესაძლოა სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადებულიყო. თუმცა, თუკი გავიხსენებთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, (ეს რომ ჩემზე ყოფილიყო დამოკიდებული, მე ჭკუა მეყოფოდა, რომ ჯერ საერთოდ არ შევხებოდი “რუსთავი 2”-ს და მერე, დროებითი მმართველი ასე სწრაფად არ შემეყვანა კომპანიაში), თითქოს, განვითარებული მოვლენებიდან, ლოგიკის მოძებნა არ უნდა გაჭირდეს.

ნუკი მჭედლიშვილი

იტვირთბა....