პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ექიმები დაშავებული მოქალაქეების გადარჩენას შეძლებენ.
“პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს. ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ”, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, 29 ოქტომბერს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიმავალი აქციის მონაწილეების მიკროავტობუსს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.