ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ნაცმოძრაობას“ პატრიარქის გადაყენების მცდელობა ჰქონდა, მათ მოკავშირეები წმინდა სინოდში ჰყავდათ” – ჯონდი ბაღათურია

პარტია „ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატრიარქის გადაყენების მცდელობა ჰქონდა. ამის შესახებ ბაღათურიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბაღათურიამა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ წმინდა სინოდში მოკავშირეები ჰყავდა და დღემდე ჰყავს. მისივე თქმით, სინოდის რამდენიმე წევრი ღიად გამოხატავს მსოფლიო საპატრიარქოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს.

„საქართველოს ეკლესია საუკუნეებია, დამოუკიდებელი, ავტოკეფალურია. ავტოკეფალურობა ნიშნავს იმას, რომ ის დამოუკიდებელია სახელმწიფოს ჩარევისგან, ასევე, ქვეყნის გარედან ჩარევისაგან. მიუხედავად ამისა, წლებია, ეკლესიაზე მიმდინარეობს ზეწოლა, შანტაჟი. 2004-2005 წლებში, მაშინ – როცა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მმართველობაში ეს კრიმინალური ბანდა მოვიდა, ეკლესიის წინააღმდეგ არნახული, უპრეცედენტო შეტევა დაიწყო.

ეს იყო პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანება. ინტელექტუალურად და იდეოლოგიურად ამას გიგა ბოკერია ხელმძღვანლობდა. ხოლო მაშინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილე, გიგი უგულავა პირდაპირ შანტაჟით, ძალადობის მუქარით, კომპრომატების შეგროვების გზით ცდილობდა ეკლესიაში განხეთქილების შეტანას. როცა ნახეს, რომ პატრიარქი არ არის ასე ადვილად დასამორჩილებელი ადამიანი, მაშინ მისი გადაყენების მცდელობა დაიწყეს. მათ ნახეს მოკავშირეები წმინდა სინოდში. ეპისკოპოსთა ნაწილი ფოთის ეპისკოპოსის, გრიგოლ ბერბიჭაშვილის მეთაურობით გამოვიდა სინოდალური მმართველობის ინიციატივით.

ეს დაფარული ინფორმაცია იყო აქამდე, მე იძულებული ვარ, გავაჟღერო. სინადოლაური მმართველობა პირდაპირ ნიშნავს პატრიარქის გადადგომასა და სინოდის მიერ მმართველობის სადავეების ხელში აღებას. სინოდში მმართველობის სადავეები ხელში უნდა აეღოთ სპეცსამსახურების მიერ მოკავშირეებად ცნობილ ეპისკოპოსებს.

საქმე ამით არ მთავრდება. წლების განმავლობაში იგრძნობა კორელაცია ამ პოლიტიკურ ჯგუფსა და მსოფლიო პატრიარქად წოდებულ ბართლომეს შორის, რომლის რეზიდენცია სტამბულშია. მან ვერაფრით გაიგო, რომ საქართველოს ეკლესია ავტოკეფელურია და არანაირი უფლება არ აქვს, ხელი უფათუროს საქართველოს ეკლესიის საქმიანობაში. მას ჰყავს მოკავშირეები, ესენი არიან ზესტაფონის ეპისკოპოსი – მელქისედეკი, მეუფე ვახტანგი. ეს ადამიანები აშკარად ემსახურებიან არა ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესს, არამედ ღიად წარმოადგენენ ე.წ. მსოფლიო საპატრიარქოსა და ამ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, რომელსაც კრიმინალური ბანდა, „ნაცმოძრაობა“ ჰქვია.

ეს კავშირი ყოველთვის იყო აშკარა და ღია. მსოფლიო საპატრიარქო ეკუმენისტურ მოძრაობაშია, მათი ზეწოლისა და შანტაჟის მიმართულებაა, რომ საქართველოს ეკლესიაც ეკუმენისტურ მოძრაობაში ჩაითრიონ. ეკუმენისტურ მოძრაობაში მსოფლიო საპატრიარქო და რუსეთის საპატრიარქო ვერ იყოფენ გავლენებს. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ ავტოკეფალური ეკლესია. ჩვენ გვაქვს პატრიარქის ძალიან სწორი გადაწყვეტილება და არ ვართ ამ მოძრაობაში, ამიტომ, ამ მიზნით ზეწოლა არის არა მხოლოდ ეკლესიაში განხეთქილების შემოტანის მცდელობა, არამედ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რაშიც მონაწილეობს ეს პოლიტიკური გუნდი, რომელიც ახლაც არის კორელაციაში ქვეყნის გარეთ მყოფ ძალებთან, რომლებიც ცდილობენ ხან პატრიარქის გადაყენებას, ხან – დაშანტაჟებას.

როგორი სამარცხვინოც უნდა იყოს, ამაში მონაწილეობენ ეპისკოპოსები. დღემდე ეს პოლიტიკური ჯგუფი იყენებს ეპისკოპოსთა ნაწილს. ესენი არიან: პეტრე ცაავა, გრიგოლ ბერბიჭაშვილი, მეუფე ვახტანგი, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე. ეს ეპისკოპოსები აშკარად არიან გამოყენებულნი, როგორც რელიგიური ინსტრუმენტები პოლიტიკაში და როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტები სინოდის შიგნით, ეკლესიაზე მმართველობის ასაღებად.

ასევე, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, გიგა ბოკერიას, ვარშალომიძის ჩართულობით ბათუმში, აჭარაში სისხლისღვრის მუქარით ბულდოზერებით იქნა დანგრეული ფერიის მთაზე მშენებარე ტაძარი იმის გამო, რომ იქ სტრიპტიზკლუბი აეშენებინათ. ეს იყო ხელისუფლების წარმომადგენლების კერძო ბიზნესი. ეს გააკეთეს ცხელ გულზე, როცა ნახეს, რომ მათი მხრიდან პატრიარქის მართვა შეუძლებელი იყო“ – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ

იტვირთბა....