გასპარ ნოე წარმოშობით არგენტინელი, საფრანგეთში მოღვაწე რეჟისორია, რომლის ყოველი ახალი ფილმის მიმართ ინტერესი დაანონსებისთანავე ჩნდება და პრემიერამდე მხოლოდ და მხოლოდ ღვივდება. მაპროვოცირებელი პორნოგრაფიული და ძალადობრივი სცენები, მთავარი პერსონაჟების ნარკოტიკული საშუალებებისადმი ლტოლვა, ხშირად ძალიან გაწელილი, არაფრისმომცემი დიალოგები და გადაღების ოსტატური მანერა, საბოლოო ჯამში, თანამედროვე კინოში უკვე ამოსული ვარსკვლავის ხატს გვაძლევს, რომელსაც გასპარ ნოე ქვია.
,,სიცარიელეში შესასვლელი” გასპარ ნოეს ,,ფსიქოდელიური მელოდრამაა”, რომელიც გაქირავებაში 2009 წელს ჩაეშვა და მიუხედავად ძალიან მცირე შემოსავლისა, კრიტიკოსთა და მაყურებელთა ერთპიროვნული სიმპათია დაიმსახურა.
ფილმი მთლიანად მთავარი პერსონაჟის, ტოკიოში მცხოვრები ოსკარის პერსპექტივიდან, სუბიექტური კადრითაა გადაღებული. რადგან ოსკარი ძირითად შემთხვევაში მძიმე ნარკოტიკების – სხვადასხვა ჰალუცინოგენის (უფრო მეტად კი დიემტის) ზემოქმედების ქვეშაა, კამერაც მისი მდგომარეობის შესაბამისად, – ნელა, ზანტად მოძრაობს, რათა მაყურებელი უკეთ მიხვდეს რას გრძნობს და რა კონდიციაშია მთავარი პერსონაჟი.
პირველი თხუთმეტი წუთის შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, ოსკარი კვდება. სიკვდილის მიზეზი კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არა ნარკოტიკული საშუალებების გადაჭარბებული დოზა, არამედ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობაა. მოკლედ, ჯერ პერსონაჟის შეყვარება/შეზიზღებასაც ვერ ასწრებ, ტოკიოს ერთ-ერთი ფლუორესცენტული კლუბის ტუალეტში ჩაკეტილს პოლიცია რომ გაასაღებს…
მაგრამ, ოსკარი სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. მისი სული ფსლის და ქაქის სუნად აყროლებული კლუბის კედლებს სცდება და საყვარელ ადამიანებზე დაკვირვებას იწყებს. დაზე, რომელიც ოსკარმა ტოკიოში ჩამოიყვანა, მეგობარზე, რომელსაც პოლიცია ეძებს… გარდა ამისა ოსკარის სული დროშიც მოგზაურობს და გარდაცვლილის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩერდება, რისი მეშვეობითაც მაყურებელი იგებს, თუ როგორ დაიღუპნენ ოსკარის მშობლები, რატომ გადაწყვიტა მან ტოკიოში ჩამოსვლა და საბოლოოდ, როგორ აღმოჩნდა ტუალეტში, სისხლის გუბეში მწოლიარე.
,,სიცარიელეში შესასვლელს” საფუძვლად გარკვეულწილად ,,ტიბეტური მკვდრების წიგნიც” უდევს, რომლის მოკლე შინაარსსაც ფილმის დასაწყისში ალექსი ოსკარს უყვება. სხეულისგან განდეგილი სული, მთელი ფილმის განმავლობაში ფერების კაკაფონიაში იმყოფება, რაც რეალობის მიღმა არსებული სამყაროების ჭიდილად, ეულად დარჩენილი სულის მიზიდვის მცდელობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა, რადგან ოსკარი მიწიერ ცხოვრებას სიკვდილის მერეც კი ზედმეტაა მიჯაჭვული, ის სწორედ მას ირჩევს. ფილმის ფინალი ,,ეპიკურად” პორნოგრაფიულია – ოსკარის სული სექსით დაკავებული წყვილების თავზე დაფრინავს და ხელახლა დაბადებისთვის სასურველ კანდიდატებს არჩევს.
და ტანჯვის წრეც ისევ განახლდება.
ნარკოტიკს რომ შეადარო, გასპარ ნოე ნამდვილად ,,ელესდეა”, რომლის მიღებასაც მოუთენლად ელი და რომელიც ხშირ შემთხვევაში ბედთრიფში გადაიზრდება, ოღონდ ერთია – რეალურ სამყაროში დაბრუნების შემდეგ დაუყოვნებლივ, მეორედ, მესამედ გინდება იგივე განიცადო, იგივე ნახო, იგივე იგრძნო. და ,,ელესდესგან” განსხვავებით, ნოე დამოკიდებულებასაც იწვევს. ერთხელ გასინჯვის შემდეგ წარმოუდგენელია მასზე არ ,,შეჯდე”. ის გამოცდილება, რომელსაც ამ რეჟისორის ფილმებისგან იღებ, ერთხელ და სამუდამოდ ილექება ქვეცნობიერში, ამოშლის პერსპექტივის გარეშე.
მთავარია ერთხელ გარისკო, აყვე გასპარ ნოეს, მასთან ერთად შეაბიჯო სიცარიელეში და დანარჩენი უკვე თავისით, შენგან დამოუკიდებლად განვითარდება.
ლაშა მილორავა