საია: პრეზიდენტმა უკვე მოახდინა თავისი სამუშაო ადგილის განსაზღვრა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის უარს ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით “ცინიზმის ძალიან მაღალ დონედ” აფასებს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, იმის მიუხედავად მას ეს სურს თუ არა”.- “მეტრონომი” დაინტერესდა როგორ აფასებენ ბიძინა ივანიშვილის ამ პოზიციას უმცირესობის და უმრავლესობის წევრები, ასევე “მეტრონომი” საიას იურისტს დაუკავშირდა, რომ გაერკვია, რომელი კანონით რეგულირდება პრეზიდენტის გამოსახლებასთან დაკავშირებული საკითხი.
საიას აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე: “კანონმდებლობით საერთოდ არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული, თუ როგორ, შეიძლება პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შეცვლა. ამიტომ, განმარტებებს ვერ გავაკეთებ, უბრალოდ გეტყვით, ზოგადად, სახელმწიფო საკუთრება როგორ განიკარგება და პრეზიდენტი როგორ განსაზღვრავს თავის ადგილსამყოფელს. აი, ამაზე შემიძლია განმარტების გაკეთება.
კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. იგი თავად განსაზღვრავს საქმიანობის წესს ადმინისტრაციისთვის და ამაში მოიაზრება, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციის ადგისამყოფელი.
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მოახდინა თავისი სამუშაო ადგილის განსაზღვრა, ადმინისტრაციის სამუშაო ადგილის და ის მისამართი და ის შენობაა განსაზღვრული, რომელშიც განთავსებულია ამჯერად ადმინისტრაცია. გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ არის მიღებული და ამ გადაწყვეტილებას არ ესაჭიროება მთავრობის მხრიდან რაიმე სახის თანხმობა.
ზოგადად სახელმწიფოში ნორმების განკარგვას რაც შეეხება და ვინმესთვის სარგებლობაში გადაცემას, ამას რა თქმა უნდა, საქართველოს კანომდებლობის თანახმად, საქართველოს მთავრობა ახდენს, საქართველოს მთავრობა განკარგავს ქონებას და გადასცემს, სახემწიფო დაწესებულებებს სარგებლობაში.
თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში, ეს განსხვავებულად არის მოწესრიგებული, როგორც უკვე მოგახსენეთ.
გიორგი ვაშაძე: “მე ვფიქრობ საერთოდ არასწორია ამაზე ივანიშვილი რომ საუბრობს. ეს მისი საქმე საერთოდ არ არის. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მისი გადაწყვეტილებების იგი ფორმალური და არაფორმალური აღმასრულებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კინკლაობისთვის სცალია ზოგადად ქვეყანას, როდესაც ამხელა ეკონომიკური პრობლემებია.
პრეზიდენტი არის სახელმწიფო ინსტიტუტების მთავარი რგოლი და ეს არის სიმბოლო ქვეყნისთვის, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც. ეს გაჯიუტება, გამოვასახლოთ თუ არ გამოვასახლოთ, მახსენებს სოფლის ორღობეში ორი გლეხი რომ ეჭიდავება ერთმანეთს და მერე რომ არ ელაპრაკებიან მთელი ცხოვრება.
არ ესაქმება ბიძინა ივანიშვილს, ვინ ვის გამოასახლებს და ვინ სად იქნება, მაგრამ დღეს არაფორმალური მართველობაა ქვეყანაში.
ლევან ბერძენიშვილი: “არაფერს არ ვფიქრობ მაგ საკითხზე, პრეზიდენტი სად იქნება, სად არ იქნება, თვითონ გადაწყვიტავს. მე ამ თემაზე კომენატარს არ გავაკეთებ” – საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა “მეტრონომთან” რესპუბლიკელი.