„ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის. საქართველოს ბანკის თანხაა. ეს ასე ხდება მსოფლიოში, ბანკში როცა შედიან და აიყვანენ მძევლებს. ყველამ იცის და რაღაც ისე მეკითხებით. თიბისი ბანკი ხომ არ გადაიხდიდა, საქართველოს ბანკში იყო შესული ხალხი“.
ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან გუშინ ზუგდიდში მომხდარ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.