“ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დაგვეკავებინა, მაგრამ ვერ გავწირავდით ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეს, მანქანიდან გადავიდა და მიიმალა. გამოძიება გრძელდება. მე შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ შეიძლება ჩემმა ერთმა სიტყვამაც საქმე გააფუჭოს და გამოძიებაზე ცუდად იმოქმედოს. მთავარი ამოცანა, უკვე გითხარით, იყო ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ახლა ამოცანა არის, რომ ეს ადამიანი სწრაფად ვიპოვოთ და დავაკავოთ“
ვახტანგ გომელაური – შსს-ის მინისტრი
ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან გუშინ ზუგდიდში მომხდარ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.