„მსჯელობა და შეფასება, ვინ სწორად მოიქცა და ვინ – არა, ყველაზე მარტივია. მსოფლიო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო წარმატებული სპეცოპერაცია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა მძევალი გადარჩა, სისხლი არ დაიღვარა და ყველაფერი დამთავრდა შედარებით მშვიდობიანად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პოლიტიკანობა დაიწყო და სამართალდამცავების კრიტიკით პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა, მე ვფიქრობ, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო გააზრებული და სწორი. პოლიციელებმა, რომლებმაც ეს საქმე საკუთარ თავზე აიღეს, ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინეს.”
მამუკა არეშიძე – ექსპერტი.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.