ირაკლი კვარაცხელია, რომელიც ზუგდიდის “საქართველოს ბანკის” თავდასხმის დროს სხვა მოქალაქეებთან ერთად მძევლად იყო აყვანილი, ჟურნალისტებთან თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. კვარაცხელიას ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა.
როგორც კვარაცხელიამ განმარტა, თავდამსხმელის ამოცნობა არ შეუძლია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მასთან მძევლებს კომუნიკაცია ჰქონდათ, შესაძლოა მისი ხმა სხვა ადამიანის ხმისგან გაარჩიოს. ამასთან, კვარაცხელია მადლობას უხდის ზუგდიდის სამხარე პოლიციის უფროსს ავთანდილ გალდავას. მისი თქმით, პოლიციას სრული ინფორმაცია მიაწოდა თავდასხმის შესახებ და მზადაა, რომ საჭიროების შემთხვევაში კიდევ მივიდეს გამოკითხვაზე.
„თავდამსხმელი იქცეოდა იარაღთან ურთიერთობაში, როგორც გამოცდილი ადამიანი, იმდენად აგრესიული იყო, რამდენადაც ეს მისთვის იყო აუცილებელი, ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად. მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა” – განაცხადა კვარაცხელიამ.