“მომხდარი ფაქტის მთლიანი სურათი რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, რომ დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნებით. ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს.”
რომან გოცირიძე – ნაციონალური მოძრაობის წევრი
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
არსებობს ვერსია, რომ ის ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა, მაგრამ როგორც დე ფაქტო ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, თავდასხმელს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.