“ასეთი რამე არა მხოლოდ საქართველოში არ იყო არასოდეს წარმოსადგენი შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენს დროს ხომ აღარაა ლაპარაკი, ასეთი რამე შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი
სააკასვილი გუშინ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ცნობისათვის, 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.