ახალი ამბები

“იარაღის ტარების, დგომის და ჯდომის მანერით საქმე გვაქვს კარგად მომზადებულ ყოფილ სამხედრო პირთან”

„გულისტკივილით ვადევნებ თვალს „ზუგდიდურ ძარცვას“, ეს უფრო მეტია ვიდრე ახირებული ტიპის მიერ ბანკში ჰოლიუდური სცენარით შეჭრა. როგორც არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქმე გვაქვს კარგად მომზადებულ ყოფილ სამხედრო პირთან. მისი მოძრაობის (გადაადგილების) იარაღის ტარების, დგომის და ჯდომის მანერით იგი ავლენს სამხედრო პირისთვის დამახასიათელ უნარ-ჩვევებს.”

 დავით ნემსაძე – სამხედრო ბლოგერი

აღნიშნულით სამხედრო ბლოგერი ზუგდიდის ბანკში შეჭრილ თავდამსხმელზე საუბრობს

ცნობისათვის,  21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

იტვირთბა....