ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია მიიჩნევა. საქართველოში დარეგისტრირებულია როგორც სამ, ასევე ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინები, რომლებიც დღეს დეფიციტურია – სააფთიაქო ქსელები და კლინიკები კი მარაგის შევსებას ნოემბრიდან ელიან. 3-კომპონენტიან ვაქცინაში შედის 2 ტიპის ინფლუენზა: A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი.
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, A – ყველაზე საშიში, რთული გრიპი H1N1 – „ღორის გრიპია“. აქვე შედის მეორე სახეობაც – H3N2. ამ A გრიპის ორივე სახეობა 4-კომპონენტიან ვაქცინაშიც შედის. 3-კომპონენტიან ვაქცინაში B გრიპის მხოლოდ ერთი შტამი, ვოშინგტონის შტამი შედის. 4-კომპონენტიანში კი B-გრიპის ვოშინგტონიანი შტამი და ტაილანდური მოცირკულირე შტამი შედის.
კულუმგებოვის განმარტებით, „ჩვენს, ჩრდილოეთ ნახევარფეროში მოსახლე ხალხისთვის, ორივე ვაქცინის გაკეთება ნებადართულია. არავითარი ნაკლოვანება არც 3-იან და არც 4-იან კომპონენტს არ გააჩნია“.
ნებისმიერი ვაქცინის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ექიმები ორივე ვაქცინას უწევენ რეკომენდაციას.
3- კომპონენტიანი ვაქცინა თავისი ბუნებით არის სუბ-ერთეულოვანი, (ვირუსის პატარა ბურთულები), ანუ უფრო მაღალტექნოლოგირი, დახვეწილი და დამზადების თვალსაზრისით უფრო პროგრესულია. შესაბამისად, მას გვერდითი მოვლენები – ტემპერატურა და ტკივილები ნაკლები აქვს.
რაც შეეხება 4-კომპონენტიანს, ეს არის ე.წ დახლეჩილი ვირუსი. ითვლება უხეშ ვაქცინად და ტოვებს კარგ იმუნიტეტს, თუმცა შესაძლოა, გვერდითი მოვლენები მეტი ჰქონდეს.
„ორივე სრულფასოვანია, ორივე ტოვებს იმუნიტეტეს და მთავარი, ყველაზე საშიში „ღორის გრიპი“ ორივეში შედის“, – ამბობს იმუნოლოგი.
წყარო: “პრაიმტაიმი.”