ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეკონომიკის მინისტრის განცხადება მოკლებულია კონსტიტუციის საფუძვლებს”

მთავრობა კი პრეზიდენტს ათონელზე გადასვლისკენ მაინც მოუწოდებს

„სასურველია, რომ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სწარაფად იქნას მიღებული“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, ათონელზე მდებარე რეზიდენციის „შენახვა“ მთავრობას ყოველთვიურად ძვირი უჯდება.

„ბატონ ბიძინას ნამდვილად აქვს უფლება, შეშფოთება გამოთქვას ამ მიმართულებით. ერთადერთი, რაც შემიძლია მე დავამატო  და დავამატო გულისტკივილით არის ის, რომ ეს შენობა ძალიან კარგადაა გაკეთებული. მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი ფულია დახარჯული, თუ არ ვცდები 26 მილიონი. დღესდღეობით კი დაკეტილია და ჩვენ ყოველთვიურად ფულის დახარჯვა გვიწევს იმისთვის, რომ აღნიშნული შენობის შესაბამის მდგომარეობაში შენახვა მოვახერხოთ. ამიტომ სასურველია, რომ გადაწყვეტილებები საკმაოდ სწრაფად იქნას მიღებული.“- განაცხადა ქუმსიშვილმა.

„მეტრონომი“ დაუკავშირდა პრეზიდენტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კახა კოჟორიძეს. მის თქმით, ამ საკითხზე დებატებს მთავრობასთან არ აპირებენ. ჩვენს შეკითხვაზე რა მოტივით არ გადადის პრეზიდენტი მარგველაშვილი ათონელის რეზიდენციაში, კოჟორიძემ განაცხადა, რომ იმაზე მეტის თქმას, რაც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, პრეზიდენტი არ აპირებს.

“პრეზიდენტის პოზიცია არის ის, რომ არ აპირებს ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას. პრეზიდენტს თავის დროზე რომ გაეკეთებინა განცხადება, რომ “მოვიფიქრებ და გადავწყვეტ”, მაშინ ჩემთვის გასაგები იქნებოდა ამ თემის ხელახლა წამოწევა, მაგრამ პრეზიდენტმა ძალიან ნათლად თქვა თავისი პოზიცია, რომელიც არაერთხელ იქნა გამოთქმული. ჩვენ დამატებით კომენტირებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯელ გააკრიტიკა მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ყოფნის გამო. მთავრობის და ივანიშვილის არგუმენტები ერთმანეთს ემთხვევა. მათი აზრით, ის  შემცირებული უფლებები, რაც ამჟამად პრეზიდენტს გააჩნია ავლაბრის რეზიდენცია მისი ადმინისტრაციისთვის საკმაოდ დიდია.

„მეტრონომი“ კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს დაუკავშირდა.

„ არასერიოზულია, უფლებამოსილი პრეზიდენტის უფლებამოსილებების კვადრატულობაში გადაყვანა. ეს ასე არ კონვერტირდება. ასე რომ, ამას ერთმანეთთან არავითარი პირდაპირი კავშირი არ აქვს.  ამგვარად ეკონომიკის მინისტრის განცხადება მოკლებულია კონსტიტუციის საფუძვლებს“.

მენაბდის განცხადებით, კონსტიტუციაში ჩანაწერი რეზიდენციასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ ნორმალური კონსტიტუციური პროცესი მოითხოვს, რომ პრეზიდენტი არ უნდა გამოასახლო უკვე არსებული რეზიდენციიდან, თუ ეს რეზიდენცია მისთვის მისაღებია.

იტვირთბა....