გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ხუთი მოწმე დაიკითხა, მათ შორის საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირი, ასევე საქმეში ფიგურანტი ორი პირი – მიხეილ ბეშიძე და გიორგი ელიჯარაშვილი. პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთმა მოწმემ, მიხეილ ბეშიძემ სასამართლოს დეტალური ინფორმაცია არ მიაწოდა, რაც ბრალდებულებისთვის ხელის დაფარებას ემსახურებოდა.
როგორც პროკურორმა თქვა, მოწმე გიორგი ელიჯარაშვილმა სასამართლოს სწორი ინფორმაცია არ მიაწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ ნაცემი ვახტანგ ჩიქოვანის ნაძალადევში ჩასვლის შემდეგ, ბრალდებულები მცხეთაში ავიდნენ.
„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელიც მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში. ეს ექსპერიმენტი ემსახურებოდა იმის დადგენას, თუ რა დრო დასჭირდებოდათ მდევრებს გარდაცვალების ადგილზე, მდინარის ნაპირზე ჩასასვლელად და შემდეგ უკვე ფერად შენობასთან დასაბრუნებლად. ამ ადამიანმა დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე. მან განმარტა, ექსპერიმენტის დროს თუ რატომ გახდა საჭირო შესაბამისი სანათი საშუალების გამოყენება. მიზანი იყო ის, რომ უშუალოდ ვიდეოჩამწერი საშუალებისთვის გამოჩენილიყო იქ მიმდინარე მოვლენები.
რაც შეეხება მიხეილ ბეშიძის ჩვენებას, ეს არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ბრალდებულებთან ერთად წამოვიდა ნაძალადევის უბნიდან. ფაქტობრივად, ინფორმაცია არ ახსოვდა, როგორც თვითონ თქვა, თუმცა ეს ემსახურებოდა ბრალდებულებისთვის ხელის დაფარებას. რაც შეეხება მეორე მოწმეს, გიორგი ელიჯარაშვილს, მან დაადასტურა ის გარემოება, როდესაც ნაცემი ვახტანგ ჩიქოვანი ჩავიდა ნაძალადევის რაიონში, სადაც შეკრებილი იყო მთელი სამეზობლო და უამრავი ბიჭი, მათ შორის ბრალდებულები, შემდეგ ეს პირები გამოემართნენ მცხეთის მიმართულებით, თუმცა მთელი უბანი წამოვიდა ერთი ადამიანის წამოსაყვანად. ამას არავინ დაიჯერებს, არ ვიცი, თუ ვინმეს სჯერა ეს. მოწმემ პირდაპირ დაადასტურა, რომ ბრალდებულებიც ამოვიდნენ მცხეთაში“ – განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.