სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს, – ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, ნინო ზამბახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასტუმრო მიკროსაავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს იმ კოვიდპაციენტებისთვის, რომლებსაც ნაკლებად და სუსტად აქვთ გამოვლენილი დაავადება.
„ეს იყო ჩვენი ჯგუფის გადაწყვეტილება, რადგან გვქონდა კარგი გამოცდილება. პანდემიის პერიოდში „ჰოლიდეი ინი“ გახლდათ კოვიდის ზონა, სადაც შეგვეძლო კარანტინში მიგვეყვანა ადამიანები და დღეს უკვე ამ სასტუმრომ შეიძინა მსუბუქი ფორმის კოვიდინფიცირებულებისთვის მიღების სერვისიც. ეს ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის, ძალიან კარგია, ამავდროულად კომფორტულ გარემოს უქმნის იმ ადამიანებს, ვისაც სუსტად აქვს ეს დაავადება გამოვლენილი და შესაბამისად, არ შეუძლიათ თვითიზოლაციაში წასვლა, მაგრამ შეუძლიათ, იოლი ფორმებით, კომფორტულ გარემოში გადაიტანონ დაავადება“, – განაცხადა ზამბახიძემ.