ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონა საქართველოში გაზაფხულზე გამოჩნდა, მხოლოდ გამოჩნდა, ტალღა არ ყოფილა! … ახლა ნამდვილად მოვიდა” – ნინო ნაცვლაძე

გერმანიაში მცხოვრები, შტუტგარტის კლინიკის ქართველი ექიმი, ნინო ნაცვალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველო პანდემიას მოუმზადებელი შეხვდა.

ნაცვალაძე ქართულ ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს და ვარაუდობს, რომ ​საქართველოში არჩევნების შემდეგ, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებენ.

„დიდი ხანია არაფერი დამიწერია კორონაზე … ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, ვუსმენდი და გისმენდით … დღეს ყველგან იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის საქართველოშიც. მიძნელდება საუბარი და არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში. მე არ ვიცი როგორაა გათვლილი და დათვლილი საქართველოში სამედიცინო რესურსები, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ ვირუსის გავრცელება უკონტროლო და უმართავი ხდება.

სამწუხაროდ, ეს არც მიკვირს… არანაირი წინასწარმეტყველება და დიდი განჭვრეტა არ სჭირდებოდა დღევანდელ მდგომარეობას. ამას ფიქრობდა ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა SARS-CoV-2 ვირუსთან, ვინც დაინახა, რა ძალებით და და რა რესურსებით, რამხელა დანაკარგებით, რა ძნელად უმკლავდებოდა განვითარებული ქვეყნები ამ პრობლემას. და როცა დიდ გამოწვევას ემატება ქვეყნის საკმაოდ მწირი სამედიცინო რესურსები, ცალკეული, არასწორი, გაუთვლელი ნაბიჯები და საზოგადოების დიდი ნაწილის უდისციპლინობა და უპასუხისმგებლობა, მოლოდინი და შედეგიც გასაგები და წარმოსადგენია.

მე არ შეგაწყენთ თავს იმის მოყოლით, რა გაკეთდა გერმანიაში ზაფხულის განმავლობაში, როგორ გადააწყვეს კიდევ ერთხელ კლინიკები, როგორ ხდებოდა მომზადებული კადრების გადამზადება, როგორი სიფრთხილით და საფუძვლიანი შიშით უყურებდნენ შემოდგომა-ზამთრის მოახლოებას… და ეს მაშინ, როცა საქართველოში ერთეულ შემთხვევებს ითვლიდნენ და თავდაჯერებით საუბრობდნენ ქვეყნის მზადყოფნაზე. მაშინაც დაუჯერებელი იყო, რომ საქართველო დაავადებას, მძლავრ სახელმწიფოებზე უკეთ უმკლავდებოდა, თუმცა ნამდვილად წარმატებით ართმევდა თავს ინფექციის შეკავების ფაზას.

ახლაც არ მჯერა , რომ „პირველადი რგოლები”, რომლებიც სახლში თუ „ცხელების ცენტრში” მყოფ, საშუალო სიმძიმის პ-ის მართვაზე აგებენ პასუხს, ეფექტურად მუშაობენ ან საკმარისია რაოდენობა იმ ექიმებისა, განსაკუთრებით პერიფერიებზე, რომლების ამ ვირუსით გამოწვეულ გართულებებს ადეკვატურად მართავენ. არც ის მიკვირს, როცა ლეტალობის მიზეზი სულ ერთი და იგივეა: „ასაკი, დიაბეტი და გულის უკმარისობა”. უპირველესი და მთავარია, საკმარისი და მომზადებული მედპერსონალი, და ამის შემდეგაა სალაპარაკო, მარაგი და რაოდენობა ეკიპირების და სასუნთქი აპარატების, რომელსაც ისევ გაწვრთნილი სამედიცინო პერსონალი სჭირდება. მე ასე მგონია, და ღმერთმა ქნას ვცდებოდე ….

მთავარი, რამაც წერილის დაწერა მომანდომა, არის ის, რასაც ვხედავ: საარჩევნო შეკრებებზე გამოსული უმრავი ადამიანი, პირბადის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე; კარზე მომდგარი არჩევნები (რომელიც ინფექციასთან მიმართებაში რატომღაც წინასააღდგომო პრობლემას მაგონებს), რომლის გამო ხელისუფლება ვერ ან არ აკეთებს იმას, რაც სწორედ ახლაა გასაკეთებელი და რაც ჩემი დიდი ეჭვით, არჩევნების მეორე დღეს არ აგვცდება – საგანგებო მდგომარეობა!;

სათამაშო მოედნებზე ერთმანეთში აღრეული ბავშვები, მშობლები, რომლებიც ამას გულდამშვიდებით უყურებენ; ბებიები და ბაბუები, რომლებიც დიდი სიამოვნებით ასრულებენ „საპატიო” მოვალეობას, მოიკითხონ და ჩაიბარონ საბავშვო ბაღებიდან თუ სკოლებიდან შვილიშვილები (ბავშვები ხომ ყველაზე საშიში უსიმპტომო გადამტანები არიან ინფექციის); ახალგაზრდები და ოჯახები, რომლებიც ყველანაირი არგუმენტებით ცდილობენ გაამართლონ ხალხმრავალი ზეიმები და დღესასწაულები; ხელისუფლება, რომელსაც შეზღუდვები აღსრულებაში ვერ მოჰყავს; წესრიგი, რომელიც ყველაზე მაღლა არ დგას! ….

და რატომ არ გვინდა ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, რომ ვირუსს ჩვენ ვასაზრდოებთ… ჩვენ! ვირუსი იკვებება ჩვენი კონტაქტებით. ვირუსი მრავლდება თუნდაც 2 ადამიანის ინტერაქციით, გადაცემა-გადადებით. კონტაქტების და გადადების გარეშე, მას არა აქვს არანაიერი შანსი. ლოგიკურად, თუკი რამოდენიმე კვირა ჩავიკეტებით და განვცალკევდებით ყველა, მთელი მსოფლიოს ადამიანები, ვირუსი ნამდვილად გაქრება. მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი, ეს ილუზიაა. ამიტომ რახან გაჩნდა და ჩვენთან მოვიდა, ის არსად წავა, ჩვენი თანამდევი იქნება…მაშინაც კი, როცა წამალი ან ვაქცინა შეიქმნება, უბრალოდ მაშინ არ იქნება ისეთი საშიში, როგორიც ახლაა. ხშირად ადარებენ SARS-CoV-2-ს გრიპის ვირუსს, ზოგჯერ MERS-საც. გრიპთან შედარებით ბევრად გადამდები და ბევრად აგრესიულია, MERS-თან შედარებით, ნელა, შეპარვით და „ქურდულად” მოქმედი.

კორონა საქართველოში გაზაფხულზე გამოჩნდა, მხოლოდ გამოჩნდა, ტალღა არ ყოფილა! … ახლა ნამდვილად მოვიდა და ხანგრძლივი მარათონიც დაიწყო..

ეს მარათონი ახლა ყველგან გამწვავებულია…

და მაინც, როგორ თანავიარსებოთ ვირუსთან?! წამალი და ვაქცინა არ არის, ისევ და ისევ წესრიგი, ჰიგიენა, დისტანცია და ნიღაბი. ეს მოეთხოვება ყველას, თითოეულ მოქალაქეს. ესაა პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ოჯახის და ქვეყნის წინაშე – გაუფრთხილდე თავს და გაუფრთხილდე სხვას! თუ არ გეშინია შენ, პატივი სცე სხვის შიშს, სხვის სიცოცხლეს! ეს პასუხისმგებლობა შეგნების დონემდე უნდა იქნას დაყვანილი თითოეულ მოქალაქემდე, ვისაც ეს სჯერა, ვისაც არ სჯერა, ვისაც ეს მითი და მოგონილი ჰგონია, ვისაც დისციპლინა არა აქვს და არც საამისოდ ინტელექტი ჰყოფნის.

ამაში ყველას ჩართულობაა საჭირო… პრესის, ტელევიზიის, რადიოს, ოპოზიციის თუ პოზიციის, თითოეული მოქალაქის… და ეს ყველაფერი ეფექტურად უნდა მართოს და აკონტროლოს ხელისუფლებამ, რაც ნამდვილად გვაკლია დღეს. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!” – წერს ქართველი ექიმი.

იტვირთბა....